ფეხბურთი

15:20 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "მეხუთე დივიზონში სათამაშოდ იყიდეს, ახლა კი თასის მოგებაზე ოცნებობს"

ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება და სეზონის გადარჩენას ტიტულის მოგებით ეცდება. ყველა ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

გამოცემა Eldesmarque-ც იმავეს წერს და მამარდაშვილის დაუჯერებელ ისტორიას იხსენებს. ქართველმა მეკარემ, წელიწადზე ნაკლებ დროში იმდენი მოახერხა, რომ მეხუთე დივიზიონში სათამაშოდ ნაყიდი მეკარე დღეს ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს და ტიტულის მოგებაზე ოცნებობს.

გიორგი მამარდაშვილის ამბავი - მეხუთე ლიგაში იჯარით მისვლიდან, ელიტაში 5-თვიანი უთამაშებლობა და სატიტულე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. „ვალენსიამ“ ქართველი მეკარის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო, იჯარით გაფორმების იდეით, რომ მეხუთე დივიზიონში მეორე გუნდში ეთამაშა. 12 თვეზე ნაკლებ დროში კი ის ესპანეთის თასის ფინალში დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება და კოპა დელ რეის მოგებაზე ოცნებობს.

2021 წლის 7 ივნისს ვალენსიურმა კლუბმა გამოაცხადა მამარდაშვილის ტრანსფერი „დინამო თბილისიდან“, მაგრამ მან ეს არ გააკეთა ჩვეულებრივ, პირველი გუნდის სოციალურ ქსელებში, არამედ ახალგაზრდული გუნდის სოციალურ არხებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. პირველ გუნდში იასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს გვერდით ის მხოლოდ ვარჯიშით უნდა შემოფარგლულიყო. თუმცა, პრესეზონის პერიოდში ხოსე ბორდალასი გაოცებული დარჩა ქართველი მეკარის დონით, რასაც სილესენისა და ხაუმეს ტრავმებიც დაემატა. სეზონის სტარტზე რივეროსთან დუელი მოუწია ძირითადში მოხვედრაზე, საიდანაც ის გამარჯვებული გამოვიდა.

მამარდაშვილის დებიუტი ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ შედგა, კარიც მშრალად შეინახა და მომდევნო ხუთ მატჩშიც ძირითადში იყო. მოგვიანებით ბორდალასმა ძირითადში გამოჯანმრთელებული სილესენი დააბრუნდა, თასზე წუთები ხაუმეს მისცა, ხოლო ქართველი მეკარე სათამაშო დროის გარეშე დარჩა. მისი პირველი გაბრწყინების შემდეგ „ვალენსიამ“ ის „დინამო თბილისიდან“ 850 000 ევროდ გამოისყიდა.

2021 წლის 31 დეკემბერს, მამარდაშვილი „ვალენსიას“ ფეხბურთელი 2024 წლამდე გახდა და კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი მისი ერთი წლით განახლების ოფციით. გიორგი მამარდაშვილი 5 თვე უთამაშებელი იყო, ხუთი თვის უქმობის შემდეგ სილესენის ახალმა ტრავმამ მას კარი გაუღო, მაგრამ ამჯერად ბორდალასმა თავიდან ხაუმე აირჩია, შემდეგ კი ფსონი ისევ 21 წლის ქართველის სასარგებლოდ დადო.

ყველაფერი დაიწყო თასის პირველი ნახევარფინალიდან „ბილბაოს“ წინააღმდეგ, რომელმაც „ვალენსიას“ ფინალის საგზური მოუტანა. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ სილესენი ისევ ხელმისაწვდომია, ბორდალასი მამარდაშვილს ენდობა და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კოპა დელ რეის ფინალშიც ითამაშებს“, - წერს Eldesmarque.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ – „ბეტისის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა რვაჯერ მოახერხა.

0.114362