ფეხბურთი

19:12 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "არავის ეგონა, რომ ერიკსენი ფეხბურთს ისევ ითამაშებდა, ახლა 200%-ით დაიხარჯება"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ბრენტფორდთან“ მატჩის წინ კრისტიან ერიკსენის შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი დანიელ ფეხბურთელს კარგად იცნობს და განაცხადა, რომ მასთან ერთად კიდევ ერთხელ სიამოვნებით იმუშავებდა.

„მართალი გითხრათ, არავის სჯეროდა, რომ ის თამაშს დაუბრუნდებოდა. ეს სიურპრიზი იყო, არა მხოლოდ ჩემთვის. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, „ბრენტფორდი“ საუკეთესო გამოსავალი სიტუაციაში უკეთ გასარკვევად. მისი ამ დონეზე თამაშის ყურება ფანტასტიკური და წარმოუდგენელია. ძალიან ბედნიერი ვარ კრისტიანის გამო. მას ყოველთვის სიამოვნებდა ფეხბურთის თამაში და თუ ადრე ამას 100%-ით აკეთებდა, ახლა 200%-ით გააკეთებს.

„ინტერში“ ჩვენ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით, კრისი კი „ტოტენჰემში“ 4-2-3-1 სქემას იყო შეჩვეული. გარკვეული დრო დასჭირდა ჩემი იდეების გასაგებად, მაგრამ როცა ეს გააკეთა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. ახლა ვხედავ, რომ „ბრენტფორდში“ 3-5-2 ან 3-4-3 სქემით თამაშობენ და 3-5-2-ში იგივე ფუნქციებს ასრულებს, რაც ჩემს „ინტერში“ ჰქონდა. ის საუკეთესო ფეხბურთელია, კიდევ უფრო კარგი ადამიანი, არ მახსოვს მასთან უთანხმოება, მაშინაც კი, როცა სკამზე იჯდა. კრისტიანთან ხელახლა მუშაობა ფანტასტიკური იქნებოდა. მასთან ერთად „ინტერში“ მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო იყო“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი და ანტონიო კონტე „ინტერში“ 2020 წლის ზამთრიდან 2021 წლის ზაფხულამდე მუშაობდნენ. დანიელმა ფეხბურთელმა გულის შეტევის შემდეგ კარიერა ორი თვის წინ „ბრენტფორდში“ განაახლა და ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან დანიის ნაკრებში მარტში 2 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.

0.111837