ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარეს. „უიპეშტმა“ „ზალაეგერშეგი“ 4:0 გაანადგურა და ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს.
ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. მან 24-ე და 37-ე წუთებზე გაიტანა, ერთი ბურთი ბერიძის პასით, მეორე მახვილი კუთხიდან და შორეული დისტანციიდან. 44-ე წუთზე თავი ბერიძემაც გამოიჩინა და ანგარიში 3:0 გახადა. ბუდუ 61-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი კი 74-ე წუთზე.
ზივზივაძეს „უიპეშტის“ რიგებში ჩატარებულ 8 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კი თავი 11-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ბერიძის აქტივში 25 თამაშში 11 გოლი აქვს მითვლილი.
„უიპეშტი“, რომელიც ორი თვის წინ გასავარდნ ზონაში იყო, ბრწყინვალე ფორმაშია და 39 ქულით მეოთხე ადგილზე აღზევდა, მომდევნო შეხვედრას კი 24 აპრილს, სტუმრად ლიდერ „ფერენცვაროშთან“ გამართავს.