ფეხბურთი

11:45 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "მიზანს ყველამ ერთად მივაღწიეთ"

„ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონშიფის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა. შოთა არველაძის გუნდმა მიზანს „კარდიფ სიტისთან“ გამარჯვებით (2:1) მიაღწია.

მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიზანს გუნდმა და გულშემატკივრებმა ერთად მიაღწიეს.

„აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კლუბისთვის და ბედნიერი ვარ, რომ „ჰალ სიტი“ ისევ ჩემპიონშიფშია. მინდა, მადლობა გადავუხადო „ჰალის“ ყველა ფეხბურთელს და პერსონალს შრომისმოყვარეობისთვის და მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო გრანტ მაკკანს ამ კლუბში მუშაობისთვის. მადლობა „ვეფხვებო“ მხარდაჭერისთვის, თქვენს გარეშე არაფერი იქნებოდა, ჩვენს მიზანს ერთად მივაღწიეთ“, - დაწერა შოთამ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ „ჰალმა“ შინ 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და პირველად მოიგო თავისი პუბლიკის წინაშე 29 იანვრის შემდეგ, როცა არველაძეს „სუონსისთან“ დებიუტი ჰქონდა. სამაგიეროდ, გუნდს სტუმრად მხოლოდ 1 წაგება აქვს და 6 თამაშია გასვლაზე არ დამარცხებულა (3 მოგება, 3 ფრე). არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალს“ 5 მოგება, 3 ფრე და 7 წაგება აქვს.

ინგლისური გუნდი 47 ქულით მე-19 ადგილზეა და ჩემპიონშიფში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, გასვლაზე „მილუოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.126043