იტალიის სერია A-ს 33-ე ტური სკუდეტოს მთავარი პრეტენდენტების, „ინტერისა“ და „მილანის“ მატჩებით გაიხსნა. საქმე ისაა, რომ ისინი ერთმანეთს სამშაბათს, იტალიის თასის ნახევარფინალში უნდა დაუპირისპირდნენ, ამიტომაც, პარასკევს ითამაშებს.
თავდაპირველად „ინტერი“ „სპეციას“ ესტუმრა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა. სიმონე ინძაგის გუნდი მარსელო ბროზოვიჩმა დააწინაურა, რასაც ლაუტარო მარტინესმა მეორე გოლიც მიაყოლა. მატჩის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს და სიმონე ინძაგის შეგირდებმა 3:1 მოიგეს. „ინტერმა“ 69 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე რჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და შესაბამისად, პოტენციური ლიდერია.
„მილანმა“ ზედიზედ ორი უგოლო ფრის შემდეგ შინ „ჯენოას“ 2:0 აჯობა. დასაწყისში რაფაელ ლეაომ გაიტანა, მატჩის მიწურულს ჟუნიორ მესიასმა. ამრიგად, „როსონერიმ“ 71 ქულას მოუყარა თავი და ისევ ერთპიროვნული ლიდერია. სხვათა შორის, „მილანს“ 6 ტურია გოლი არ გაუშვია, მთლიანობაში მაიკ მენიანს 564-წუთიანი მშრალი სერია აქვს და მიმდინარე სეზონში თუ გოლს არ გაუშვებს (მომდევნო 5 ტურში) სერია A-ს ისტორიაში რეკორდის ავტორი გახდება. ამჟამად, რეკორდი ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნის, რომელმაც 2015-2016 წლების სეზონში ზედიზედ 974 წუთის განმავლობაში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
„სპეცია“ – „ინტერი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ბროზოვიჩი (31), 0:2 ლაუტარო მარტინესი (73), 1:2 მაჯორე (88), 1:3 სანჩესი (90)
„მილანი“ – „ჯენოა“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლეაო (11), 2:0 მესიასი (87)