სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:47 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "სიმეონეს შეუძლია ისე ითამაშოს, როგორც უნდა"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ატლეტიკოსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა. მან თქვა, რომ „სიტისთვის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა დიდი მიღწევაა, ხოლო დიეგო სიმეონეს შეუძლია მისი გუნდი ისე ათამაშოს, როგორც თვითონ სურს.

„მესამედ გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ჩვენთვის ეს დიდი წარმატებაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ეტაპს მივაღწიეთ. ჩხუბი? ამის შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს. გიჟური საღამო იყო, „ატლეტიკომ“ დიდი მუხტით ითამაშა და მეორე ტაიმში ჩვენზე უკეთესები იყვნენ. პირველ ტაიმში გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მთლიანობაში მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ.

ჩემმა გუნდმა ხასიათი აჩვენა. ვიცოდით, რომ ამ მეტოქესთან თამაში ძალიან რთული იქნებოდა, ვინც აქ სათამაშოდ მოდის, პრობლემები აქვს, ეს კარგად ვიცოდით. ყოველთვის არ შეიძლება 4-5 გოლის გატანაზე თამაში. მთავარია, რომ ნახევარფინალში გავედით.

პრობლემები გვქონდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც სამი დღის წინ ისეთ დიდ გუნდს დავუპირისპირდით, როგორიც „ლივერპულია“, შემდეგ ესპანეთში ჩამოვედით, გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია. არ ვიცი, რამდენიმე კვირაში რა იქნება, მაგრამ ახლა მომდევნო ეტაპზე გასვლას ვზეიმობთ.

არ ვუტევდით, რადგან სხვა არჩევანი არ გვქონდა. „ატლეტიკომ“ ჩვენს წინააღმდეგ თავი კარგად დაიცვა, მაგრამ ჩვენ პირველ მატჩში გოლი დამსახურებულად გავიტანეთ. არ შეიძლება იმის თქმაც, რომ „ატლეტიკო“ ყოველთვის ერთნაირად თამაშობს. ჩოლოს შეუძლია ისე ითამაშოს, როგორც უნდა. ჩვენ არ შევუტიეთ, რადგან რთული იყო, ასეთი რამ აქ ბევრ გუნდს ემართება“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა (2016, 2021, 2022), ხოლო პეპ გვარდიოლა მწვრთნელის რანგში ამ ეტაპზე მეცხრედ იქნება (2009, 2010, 2011, 2012, 2014, 2015, 2016, 2021, 2022), რაც მწვრთნელებს შორის სარეკორდო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113628