„გრესინი რეისინგის“ იტალიელმა ენეა ბესტიანინიმ ოსტინის (შტატი ტექსასი) ამერიკის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. მისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვებაა.
24 წლის ბესტიანინიმ ფინიშამდე ხუთი წრით ადრე შეძლო მასავით „დუკატით“ მოასპარეზე ავსტრალიელი ჯეკ მილერის ჩემოტოვება. პირველი გამარჯვება მან სეზონის პირველ ეტაპზე, ყატარში მოიპოვა.
მილერს კი ბოლო წრეზე ესპანელმა ალექს რინსმაც (სუზუკი) გაასწრო. საბოლოოდ, ავსტრალიელი მესამე ადგილს დასჯერდა და ეს მისთვის ამ სეზონში პირველი კვარცხლბეკია. რინსს ოსტინში რბოლა სამი წლის წინათ აქვს მოგებული.
„მილერს რბოლის პირველ ნაწილში კარგი ტემპი ჰქონდა. მე მხოლოდ დევნას ვახერხებდი. მერე რინსმა შემიტია და მეც იძულებული ვიყავი, ტემპი გამეზარდა. ჩემთვის ეს იყო ბიძგი, რომელმაც მილერის გასწრების საშუალება მომცა. ახლა ჰამბურგერების ჭამის დროა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.
მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა მარკ მარკესმა (ჰონდა), ვინც მხედველობის პრობლემების შემდეგ, ჩემპიონატს ოსტინში დაუბრუნდა, სტარტი მეცხრე პოზიციიდან აიღო, მაგრამ ცუდი სტარტი აიღო და მალე პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა.
მარკესს ოსტინში რვაჯერ უასპარეზია და მათგან შვიდჯერ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. რბოლის მიწურულს, მას მექვსე ადგილისთვის ბრძოლა ჰქონდა მოქმედ ჩემპიონთან, ფრანგ ფაბიო კვარტარაროსთან (იამაჰა), რომელსაც გაასწრო, მაგრამ მეხუთე ადგილზე მყოფი იტალიელი ფრანჩესკო ბანიანია (დუკატი) ვეღარ ჩამოიტოვა.