სწორედაც რომ... საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა საშარო საქმეა! საშარო და უმადური. ამიტომაცაა, რომ ყოველი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ახალი მესაჭის მოძებნა ურთულეს რუტინად იქცა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საამსაქმეო ხალხს ალბათ ისე არაფერი სძულს და ესიკვდილება, როგორც ახალი მწვრთნელის პოვნა, მასთან გასაუბრება და რაც მთავარია, საქართველოს გაძღოლაზე დათანხმება. დათანხმება იმაზე, რომ გაუძღვეს სრულიად უნიკალურ გუნდს, რომელსაც მუდმივად აქვს ამბიცია, აქვს პოტენციალი, მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, მუდამ მარცხდება მნიშვნელოვან შეხვედრებში. და მარცხდება ხშირად სამარცხვინოდაც...
წლების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი ჯერ დანიშნულიც კი არ იყო, რომ ზოგიერთები უკვე ეჭვის თვალით უყურებდნენ და ამბობდნენ: “მაგან ჩვენ რა უნდა გვიშველოს, როცა ჟირესმა და ტოპმიოლერმმაც კი ვერა გაგვიგო რაო”. აგრესიულ-კრიტიკული განწყობები განსაკუთრებით ირლანდიასა და იტალიასთან წაგებული მატჩების შემდეგ გაძლიერდა და პირადად მე უკვე დღეებს ვითვლიდი და ვფიქრობდი, დღეს თუ არა ხვალ, კუპერის მისამართით პირველი “ქვის მსროლელიც” გამოჩნდებოდა. ასე იყო სხვებიც. მათი ჩამოთვლა მართლაც რომ შორს წაგვიყვანს და დედამიწას მოგვატარებს კიდით-კიდემდე.
ბოლოში ჩამოვთვლით. მანამდე კი გავიხსენოთ შეხვედრები, რომელთა დასაწყისშივე საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს ლამის “მოღალატე ყორღანაშვილებად“ სახავდნენ, მაგრამ მატჩი რაღაც საოცარი მანქანებით არ წაგვიგია და მერე მათი მაქებარ-მადიდებლებად იქცნენ. თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ერთხელ ნაკრების ერთმა ქომაგმა ისიც კი მითხრა, რომ კლაუს ტომპმოილერი იქნებოდა ის კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს “უდაბნოდან” გამოიყვანდა და მოსესავით წინ წარუძღვებოდა. ახლა გვეცინება ამაზე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ გვჯეროდა უცნაური იღბლისა და დამთხვევების.
გასაგებია, რომ ადამიანები არ და ვერ იქნები ან ერთნაირნი და თემურ ქეცბაიას, კახი ცხადაძეს, კლაუს ტიპმიოლერს და ვლადიმერ ვაისს კი არა, მაგინებლები თავის დროზე დიდ კარლოს ბილარდოსაც ჰყავდა. პრობლემა მხოლოდ იმაში გახლავთ, რომ ქართველ გულშემატკივრებს ხშირ შემთხვევაში ზომიერების გრძნობა დაკარგული აქვს და მწვრთნელ-ფეხბურთელების ქებით ცაში აყვანის ან მიწასთან გასწორების იქით სხვა გზა ვერ წარმოუდგენია. არადა, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი, ჯანსაღი, ლამაზი და საინტერესოა.
გინება და ფოიერვერკი
ცხადია - როდესაც მწვრთნელი გაიმარჯვებს ანდა მისი გუნდი კარგ ფეხბურთს ითამაშებს, ეს კაცი კიდეც უნდა შევაქოთ და თუ საჭირო გახდა, გვერდშიც უნდა დავუდგეთ, მაგრამ განა ასე აუცილებელია, რომ მისგან რაღაც იდეალი შევქმნათ და ფოიერვერკები მოვუწყოთ? არასოდეს დამავიწყდება აწ უკვე ლეგენდარული მარჩელო ლიპის სიტყვები, რომლითაც მან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, იტალიელ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს მიმართა: “ეს ტურნირი ჩვენთვის შესაძლებელია იყოს როგორც დიდი გამარჯვების, ასევე დიდი იმედგაცრუების მომტანი. მე მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მოერიდეთ ჩემი ფეხბურთელების ქებას. მხოლოდ მაშინ შეგვაქეთ, თუკი ჩემპიონები გავხდებით”.
და როდესაც იტალიის ნაკრები 24-წლიანი პაუზის შემდეგ, მათთვის ესოდენ ნანატრ მსოფლიო ჩემპიონის ოქროს თასს დაეუფლა, მარჩელო ლიპიმ დამსწრე საზოგადოება თავისი უბრალოებით კიდევ ერთხელ გააოცა, როდესაც ადგა და დატოვა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა და იმ კარიდან გამოვიდა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შენობიდან, რომელშიც სამი წლის წინ, “სკუადრა აძურას“ წინამძღოლად დანიშვნისას შევიდა. შემდეგ სწორედ იმ ველოსიპედზე დაჯდა (ლიპი, როგორც ჭეშმარიტი გარემოს დამცველი, გადაადგილების საშუალებად ველოსიპედს ახლაც ხშირად იყენებს), რომლითაც თავის დროზე დადიოდა და ისე წავიდა, საზეიმო ბანკეტს არც კი დასწრებია.
მოხუცი მარჩელო, როგორც წესი, ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ რასაც ამბობს, ხშირად დაეჯერება.
ყოფილები
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ფრანგ ვილი სანიოლს იმდენი სამუშაო, საწვალებელი და თავშისაცემი აქვს, ხშირად როდესაც ამაზე ვფიქრობ, მართლა მიკვირს, რომ თუკი ადამიანი იდეალისტი არ არის, რატომ უნდა მოკიდოს ხელი ისეთ სარისკო საქმეს, როგორიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი 21-ჯერ გამოიცვალა. ახლადდანიშნული სანიოლი რიგით 22-ეა. ანუ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს წელიწადში საშუალოდ 1 ახალი მთავარი მწვრთნელი გამოსდით. ვერ დავდებ თავს, რომ ეს მონაცემები მსოფლიო რეკორდია, მაგრამ ბევრი საფეხბურთო ქვეყანა მწვრთნელთა ასეთი სწრაფი ცვალებადობით ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვა. ახლავე გაგახსენებთ, აქამდე ვინ და რომელ წლებში იყვნენ ჩვენი მთავარი გუნდის მესაჭენი: გივი ნოდია (1990), გიგა ნორაკიძე (1992), ალექსანდრე ჩივაძე (1993-1996), ვლადიმერ გუცაევი (1996), დავით ყიფიანი (1997), ვლადიმერ გუცაევი (1998). გიგლა იმნაძე (1998), ვლადიმერ გუცაევი (1998-1999). იოჰან ბოსკამპი (1999), დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი (2000-2001), ალექსანდრე ჩივაძე (2001-2003), ივო შუშაკი (2003), მერაბ ჟორდანია (2003), გოჩა ტყებუჩავა (2004), ალენ ჟირესი (2004-2005), გაიოზ დარსაძე (2005), კლაუს ტოპმიოლერი (2006-2008), ექტორ რაულ კუპერი (2008-2009). თემურ ქეცბაია (2010-2014), კახი ცხადაძე (2014-2016), ვლადიმერ ვაისი (2016-2020).
ამ სპეციალისტებიდან 7 მათგანი უცხოელი იყო. თან რა გინდა სულო და გულო, დედამიწის რომელი ნაწილიდან არ ჩამოვიყვანეთ ნაკრების მთავარი მესაჭე. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა რომ მოვათავეთ, მერე ლათინურ ამერიკასაც მივადექით და დარდისგან გაჭაღარავებული კუპერიც არ დავტოვეთ ჩვენი ნაკრების თამაშით “მოუხიბლავი”.
საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს თავისი პრობლემებიც ეყოფა და ჩვენთვის რჩევების მოსაცემად ნამდვილად ვერ მოიცლის და ეგებ ჩვენ თვითონ მოვახერხოთ ისე, რომ ერთხელ მაინც ვაცალოთ მუშაობა. ნურც ვაგინებთ და ნურც გავაღმერთებთ. უმჯობესი იქნება, მოვიქცეთ ძალიან მარტივად და უბრალოდ, გვერდით დავუდგეთ. კიდეც ვაკრიტიკოთ და როდესაც საჭირო იქნება, არც შექება დავიშუროთ, მაგრამ ეს ყველაფერი გავაკეთოდ ნორმალურად, ზომიერად და არა ისე, როგორც მისი წინამორბედების შემთხვევაში მოხდა.
საქართველოს ნაკრების წარმატება ჩვენს ქომაგებზე მეტად რა თქმა უნდა არავის უნდა. ვისაც წარმატება სურს, მან წარმატებაში წვლილიც უნდა შეიტანოს. ჩვენი წვლილი კი ახალი მწვრთნელისა და მისი გუნდისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება იქნება.