ყაზახი მოკრივე გენადი გოლოვკინი ამბობს, რომ თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მისი საბრძოლო არსენალის დამატებითი უპირატესობაა.
გოლოვკინი, ვისაც 40 წელი 8 აპრილს შეუსრულდება, საშუალო წონაში (72.5 კგ) ტიტულების გასაერთიანებელ ბრძოლაში, იაპონელ რიოტა მურატას დაუპირისპირდება. ბრძოლა იაპონიაში, შაბათს გაიმართება და მისით დასრულდება გოლოვკინის 16-თვიანი უქმეობა. ეს ბრძლა 29 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო გადაიდი.
ყაზახი მოკრივე ამბობს, რომ გამოცდილება მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორიც მისი ამტანობა, გრანიტის ნიკაპი და მძლავრი დარტყმები.
„ასაკს ბევრი უპირატესობას მოაქვს და ნაკლიც. მე ყველა ცვლილებას, რაც ასაკს უკავშირდება, პოზიტიურად ვუყურებ, ახლა უფრო საზრიანი, უფრო გამოცდილი მოკრივე ვარ. დრო მიფრინავს, ასაკის მატებასთან ერთად კი, სულ უფრო სწრაფად გადის. მე კი ვარჯიშისადმი ძველებურ მიდგომას ვუნარჩუნებ. და როცა რინგზე ავალ, ამის შედეგიც გამოჩნდება“, - ამბობს გოლოვკინი.
ერთადერთი მოკრივე, ვისთანაც ყაზახს 43 ბრძოლაში მხოლოდ ერთი წაგება აქვს (2018 წელს), მექსიკელი საულ „კანელო“ ალვარესია. ერთხელ მასთან ფრეს მიაღწია და როგორც ამბობენ, იმ ბრძოლაში მცირე უპირატესობა გოლოვკინს ჰქონდა, ახლა მას მესამე ბრძოლაც სურს. მაგრამ ალვარესი მალე ქვე-მძიმე წონაში (79 კგ) ყირგიზ დმიტრი ბივოლს შეხვდება, ვინც ამ წონაში WBA-ის ჩემპიონია.
გოლოვკინი ამჟამად საშუალო წონაში IBF-ის ჩემპიონია. მურატა WBA-ის ტიტულს ფლობს. იაპონელი ლონდონში 2012 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მას პროფესიონალურ დონეზე 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მათგან ორი წააგო.
გოლოვკინს ანგარიშზე 43 ბრძოლაა, რომელთაგან მხოლოდ 1 წააგო და ამდენივე ფრედ დაასრულა (ორივე ალვარესთან). 36 გამარჯვება ნოკაუტით აქვს მოპოვებული.