ფეხბურთი

1:16 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" თითქმის ნახევარფინალშია, "სიტიმ" დიდი ნაბიჯი გადადგა

ჩემპიონთა ლიგა პაუზის შემდეგ მეოთხედფინალური ეტაპით განახლდა და სათამაშო დღე ინგლისური კლუბებისთვის წარმატებული გამოდგა. „მანჩესტერ სიტიმ“ ერთი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ, ხოლო „ლივერპულმა“ პრაქტიკულად გაინაღდა იქ თამაში.

იურგენ კლოპის გუნდი ლისაბონში „ბენფიკას“ ესტუმრა და აშკარა ფავორიტი იყო. ინგლისელებმა სტატუსი გაამართლეს, რადგან თითქმის ყველაფერი ლისაბონშივე გაარკვიეს. მერსისაიდელებმა პირველივე ნახევარში კონატესა და მანეს გოლებით მოახერხეს კომფორტული უპირატესობის მოპოვება და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში დარვინ ნუნიესმა ერთი ბურთი გაქვითა, „ლივერპულმა“ მაინც ორბურთიანი სხვაობით მოიგო, რადგან მატჩის მიწურულს ლუის დიასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. აშკარაა, რომ კლოპის გუნდი „ენფილდზე“ „ბენფიკასთან“ ესოდენ მნიშვნელოვან უპირატესობას არ გაანიავებს.

„მანჩესტერ სიტის“ და „ატლეტიკოს“ თამაში კი ძალიან მოსაწყენი გამოდგა, რომელშიც ერთი გუნდი ბურთს ფლობდა, მეორე დაცვაში იყო და შეტევაზე არც ფიქრობდა. საგოლე მომენტებით მწირ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც ფილ ფოდენისა და კევინ დე ბრუინის კარგ კომბინაციას მოჰყვა. ბელგიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გამარჯვების გოლი გაიტანა. თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდს სიტუაციის გამოსწორების შანსი მადრიდში ექნება.

ზემოხსენებულ ორივე წყვილში საპასუხო მატჩები 13 აპრილს გაიმართება და ნახევარფინალისტების ვინაობაც გაირკვევა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ატლეტიკო“ 1:0 (0:0)

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; სტოუნსი, ლაპორტი, აკე, კანსელუ; დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი (გრილიში 68); მაჰრეზი (ფოდენი 68), სტერლინგი (გაბრიელ ჟესუსი 68), ბერნარდო სილვა

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ატლეტიკო“ (5-3-2): ობლაკი; ვრსალიკო, ფელიპე, სავიჩი, მანდავა, რენან ლოდი; ლორენტე (კუნია 60), კონდოგბია, კოკე (დე პაული 60); ჟოაო ფელიქსი (ლემარი 81), გრიზმანი (კორეა 60)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 1:0 დე ბრუინი (70)

გაფრთხილება: გაბრიელ ჟესუსი (85), ედერსონი (90) - დე პაული (69), კორეა (83), ვრსალიკო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (2) – 0 (0) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 9:0 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

„ბენფიკა“ – „ლივერპული“ 1:3 (0:2)

ლისაბონი, „და ლუჟი“

„ბენფიკა“ (4-4-2): ვლახოდიმოსი; ჟილბერტო, ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო; სილვა, ვაიგლი, ტაარაბტი (მეიტე 70), ევერტონი (იარემჩუკი 82); რამოსი (ჟოაო მარიო 86), ნუნიესი

მწვრთნელი: ნელსონ ვერისიმო

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (გომესი 89), კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი; კეიტა (მილნერი 89), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (ჰენდერსონი 61); სალაჰი (დიოგო ჟოტა 61), მანე (ფრიმინო 61), ლუის დიასი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 კონატე (17), 0:2 მანე (34), 1:2 ნუნიესი (49), 1:3 ლუის დიასი (87)

გაფრთხილება: ტაარაბტი (63) - ტიაგო ალკანტარა (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 18 (8) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)

0.06065