„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
მოჯის თავის დროზე ნეაპოლურ გუნდშიც უმუშავია და თავისი ყოფილი კლუბის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე პოზიციას ხშირად აფიქსირებს.
„კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე კარგად მუშაობს. მე ვიცნობ კვარაცხელიას, რომელიც მზად მოთამაშეა. მას შეუძლია ტოპფეხბურთელი გახდეს და არაჩვეულებრივი თვისებები აქვს“, - აღნიშნა მოჯიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ „დინამო ბათუმთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზაფხულში ქართველ ფეხბურთელს სასურველ კლუბში გადასვლაში ხელს არ შეუშლის. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ხვიჩა „ნაპოლის“ პირველი შენაძენი იქნება 2022-2023 წლების სეზონისთვის და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.