სხვა

4:37 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ პოელმა ფლანდრიის ტური მეორედ მოიგო

ჰოლანდიელმა ველომრბოლმა მატიო ვან დერ პოელმა, ერთდღიანი კლასიკური რბოლა, ფლანდრიის ტური მეორედ მოიგო. ის იყო იმ ოთხკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომლებმაც გამარჯვებისთვის სპრინტში იბრძოლეს. რბოლის დასკვნით ნაწილში, პირისპირ ვან დერ პოელი და ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი დარჩნენ.

ამ ორმა ბოლო 15 კილომეტრი ურთიერთ პაექრობაში გაატარა. პოგაჩარმა აღმართ უდ კვარემონზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო. ვან დერ პოელმა არ დათმო. გადამწყვეტი ბრძოლა ბოლო კილომეტრზე გაიმართა. პოგაჩარმა ტემპი დააგდო და მეტოქის შეცდომას დაელოდა, რათა მოულოდნელი სპრინტით, ის სწრაფად ჩამოეტოვებინა. მაგრამ სანამ ისინი კატა-თაგვობანას თამაშობდნენ, უკნიდან მდევრები, ფრანგი ვალენტინ მადუასი და ჰოლანდიელი დილან ვან ბაარლე დაეწიენ. სპრინტი სწორედ ამათ წამოიწყეს. პოგაჩარი მათ უკან აღმოჩნდა და გასწრებაც ვერ მოახერხა. ამით კი ვან დერ პოელმა კარგად ისარგებლა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სლოვენიელი მხოლოდ მეოთხე ადგილსღა დასჯერდა. მეორე ადგილი კი ვან ბაარლემ დაიკავა.

„სამწუხაროა, რომ ტადეიმ კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო. მან ხომ შესანიშნავად იასპარეზა“, - განაცხადა ვან დერ პოელმ, ვინც ფლანდრიის ტური პირველად 2020 წელს მოიგო, შარშანდელ ტურ დე ფრანსზე კი ლიდერის ყვითელი მაისური ექვსი დღე ეცვა.

ფლანდრიის ტური ერთ-ერთია ყველაზე პრესტიჟული ერთდღიანი რბოლებიდან, რომლებსაც მონუმენტებად მოიხსენიებენ. დანარჩენი ოთხია: მილანი-სან რემო, პარიზ-რუბე, ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟი და ჯირო დი ლომბარდია.

ფლანდრიის ტურის მარშრუტში არაერთი მოკლე, მაგრამ საკმაოდ რთული აღმართი შედის. გარდა ამისა, ერთ-ერთია იმ ორი კლასიკური რბოლიდან, რომლების გზის სექციებიც ქვაფენილზე გადის. მეორე ასეთი პარიზი-რუბეა.

0.123473