მოტოგრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინის ეტაპი, „აპრილიას“ ესპანელმა მრბოლმა ალეიქს ესპარგარომ მოიგო და ჩემპიონატს სათავეში მოექცა. და ეს მოტოციკლების მწარმოებელი იტალიური კომპანიისთვის, მოტოგრანპრის ეპოქაში პირველი გამარჯვებაა.
ესპარგაროსთვის ეს იყო მოტოგრანპრის მე-200 რბოლა. მან სტარტი პოულიდან აიღო, თუმცა პირველივე მოსახვევში, მას „პრამაკის“ ესპანელმა ხორხე მარტინმა გაასწრო. მალე ორივემ ერთად, ძირითადი ჯგუფი ორი წამით ჩამოიტოვა. მათ რამდენჯერმე გაცვალეს პოზიციები. ფინიშამდე ხუთი წრით ადრე კი ესპარგარომ კიდევ ერთხელ შეძლო გასწრება და ლიდერის პოზიციის დაბრუნება.
ამ მომენტისთვის, მათ უკვე წამზე ნაკლებით ჩამორჩებოდა კიდევ ერთი ესპანელი, „სუზუკის“ ალექს რინსი. თუმცა ესპარგარომ ბოლომდე შეინარჩუნა მცირე უპირატსობა და ფინიშიც პირველმა გადალახა. მარტინი მეორე ადგილს დასჯერდა, რინსი კი მესამეზე გავიდა.
ამგვარად, პირველ სამ რბოლაში, კვარცხლბეკზე ცხრა მრბოლმა შეძლო ასვლა. ეს კარგ წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რა დაძაბული და საინტერესო სეზონი ელით მოტორსპორტის მოყვარულებს.
ესპარგაროს ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა უმცროსმა ძმა პოლმა, ბოქსში ყოფნისას კი ოჯახს ტელეფონით ესაუბრა, რამაც ბევრი ემოცია გამოიწვია.
„უბედნიერესი ვარ, ამას დიდხანს ველოდი. უმაღლეს კლასში ეს ჩემი მე-200 რბოლა იყო. იოლი რბოლა არ იყო. ჩაჭიდებას ვერ ვგრეძნობდი. მთელი რბოლის განმავლობაში, კარგ კონფიგურაციას ვეძებდი. მთავარი კი ისაა, რომ ჩემპიონატის ლიდერი ვარ“, - განაცხადა 32 წლის ესპარგარომ, ვინც კვალიფიკაციაც პირველად მოიგო.
სამი ეტაპის შემდეგ, ესპარგაროს 45 ქულა აქვს და შვიდით უსწრებს მეორეზე მყოფ KTM-ის სამხრეთაფრიკელ ბრედ ბინდერს, ვინც არგენტინაში მეექვსე ადგილს დასჯრდა.
რბოლა მეექვსე პოზიციიდან დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა, ფრანგმა ფაბიო კვარტრარარომ (იამაჰა), თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.