ძიუდო

16:08 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის ფინალში

ანტალიის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ფინალისტი ჰყავს - ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი.

90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ თურქი ომერ აიდინი, ყაზახი იერსულტან მუზაპაროვი, ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი და ნიდერლანდელი იესპერ სმინკი დაამარცხა. ფინალში ლუკას მეტოქე კუბელი ივან სილვა მორალესი იქნება. ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ედნთან დამარცხდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი, სლოვაკი მარიუს ფიცელი, კუბელი ენდი გრანდა და ფრანგი იოზეპ ტერესი დაამარცხა. გურამის მეტოქე ფინალში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ტომას ბრისენო და კარლ-რიხარდ ფრაი დაამარცხა, მაგრამ პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან მეოთხედფინალში ვერაფერს გახდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, თუმცა იქ პირველივე შეხვედრა ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან დათმო და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა. ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილმა ბრაზილიელ უილიამ სოუზას მოუგო, მაგრამ მერე კანადელ შადი ელჰასანთან დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ წონით კატეგორიის ფინალში ჟორჟე ფონსეკა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს გაეჯიბრება.

ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პოლონელ კინგა ვოლშაკს მოუგო, მაგრამ ფრანგ ლეა ფონტენთან დამარცხდა და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ანტალიის გრანდ სლემზე ორი მედალია - გიორგი ტერაშვილმა ოქრო, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლი მოიპოვა.

0.126108