იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შესახებ ისევ აქტიურად წერს და ამჯერად კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა.
როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ განაცხადა, მხარეები იტალიაში შეხვედრისას პრაქტიკულად ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, მათ შორის პირად კონტრაქტზეც. წყაროს თანახმად, ხვიჩა 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და „ნაპოლი“ „დინამო ბათუმს“ 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
„ნაპოლიმ“ კვარაცხელია აირჩია. ბოლო რამდენიმე საათში სიტუაცია კიდევ უფრო წინ წავიდა. იტალიაში შეხვედრის შემდეგ მიღწეულ იქნა შეთანხმება ხელფასზეც. „ნაპოლიმ“ „დინამო ბათუმთანაც“ მიაღწია შეთანხმებას, რომელმაც ფეხბურთელი დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეაფასა. მანამდე კვარაცხელია „რუბინისგან“ გათავისუფლდა, რომელიც 15 მილიონს ითხოვდა. ქართველი გარემარბისთვის მზად არის 5-წლიანი კონტრაქტი, მისი ხელფასი კი სეზონში 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი და პლუს ბონუსები იქნება“, - ამბობს პედულა.
იგივე ინფორმაციას ავრცელებს გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი, რომელიც წერს, რომ შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს. „ნაპოლის“ კვარაცხელია ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მიჰყავს, რომელიც კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „დინამო ბათუმთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ზაფხულში მისი ნეაპოლში გადაბარგება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.