სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი განახლდა და ინგლისის ჩემპიონშიფის მე-40 ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ „ჰადერსფილდს“ უმასპინძლა.
„ვეფხვებმა“ მორიგი მარცხი განიცადეს - 0:1. ერთადერთი გოლი ჰარი ტოფოლომ 79-ე წუთზე გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ „ჰალი“ ტომ ევანსის გაძევების გამო 45-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
„ჰალისთვის“ ეს იყო ზედიზედ მე-6 წაგება საკუთარ მოედანზე. არველაძის გუნდში ყოფნის პერიოდში გუნდმა შინ მხოლოდ ერთხელ მოიგო, შოთას სადებიუტო თამაშში „სუონსი სიტისთან“ (2:0), მაგრამ მას მერე შინ ქულა არ მოუპოვებია, სამაგიეროდ, სტუმრად 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 3 ფრე). მთლიანობაში ქართველი სპეციალისტის გუნდში ყოფნის პერიოდში „ვეფხვების“ შედეგები ასეთია: 3 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება. "ჰალმა" საკუთარ კედლებში ზედიზედ 6 თამაში 1992 წლის შემდეგ პირველად წააგო.
„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 41 ქულით მეოცე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 აპრილს, სტუმრად „მიდლსბროს“ დაუპირისპირდება.