ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბში ზაფხულში აღარ დაბრუნდება.
ინფორმაცია ყაზანური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა: „ხვიჩასთან კონტრაქტი თავიდან შევაჩერეთ. დამატებითი მოლაპარაკებების შემდეგ გადავწყვიტეთ ხვიჩასთან კონტრაქტის გაწყვეტა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მას და მის ოჯახს რუსულ კლუბში ყოფნის გამო კრიტიკა და აგრესია შეხვდა. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ.
მომავალში კლუბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მიიღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტაქტზე რჩება“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში, რომელიც რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.
ხვიჩა კვარაცხელია უკვე ბათუმშია და „დინამო ბათუმში“ განაგრძობს კარიერას. როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა თქვა, ის უფასოდ დაიმატეს და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რუსეთში კი არ დაბრუნდება. დვალიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით ზაფხულში საინტერესო ამბებია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“, რომლის რიგებში 2019 წლიდან 73 მატჩში 9 გოლი და 18 საგოლე პასი მიითვალა, კონტრაქტი შეაჩერა და მიმდინარე სეზონს „დინამო ბათუმში“ დაასრულებს. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელს 13 თამაშში 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი.