საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ისევ „ნაპოლის“ ინტერესის სფეროშია და იტალიური მედიის ცნობით, ამჟამად მთავარი სამიზნეცაა, მაგრამ მისი სახელი ლონდონის „არსენალსაც“ დაუკავშირეს.
Arenanapoli-ის ინფორმაციით, „მეთოფეებს“ ხვიჩას დამატება ახლა სურდათ, მაგრამ ინგლისური გუნდები შეთანხმდნენ, რომ მაშინ, როცა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ახალ ფეხბურთელებს არ დაიმატებდნენ (რუსეთიდან და უკრაინიდან). თუმცა, ლონდონელებს კვარაცხელიას დამატება ზაფხულში სურთ. წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს, მაგრამ საქმეში „არსენალის“ ჩართვა მაინც აშინებთ და ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა მოლაპარაკებები შეცვალოს. იტალიური გამოცემა ნიკოლა პეპეს შემთხვევას იხსენებს, როცა კოტ დივუარელი შემტევი „ნაპოლისთან“ იყო შეთანხმებული, მაგრამ მერე ასპარეზზე „არსენალი“ გამოჩნდა და მანაც კარიერა ინგლისში გააგრძელა.
ამის ფონზე, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა, რომელიც უმეტესწილად სწორედ „ნაპოლის“ შესახებ მუშაობს, ადგილობრივ მედიასთან ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართველი ძალიან ახლოსაა ნეაპოლურ გუნდთან:
„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სულ უფრო და უფრო უახლოვდება. კრისტიანო ჯუნტოლის სიაში ლორენცო ინსინიეს შემცვლელთა შორის მისი სახელი პირველი წერია. ახლა საუბარი ბოლო დეტალებზე მიდის. ჯუნტოლი ახლოსაა მორი ტრანსფერთან, მას მერე, რაც „ხეტაფედან“ მატიას ოლივერას ტრანსფერი შეათანხმა. დიდი ალბათობით, სწორედ კვარაცხელია იქნება მომდევნო სეზონში „ნაპოლის“ მარცხენა შემტევი. პირველი მისი ტრანსფერი დადასტურდება, შემდეგ კი ოლივერას“, - თქვა პედულამ იტალიურ პრესასთან.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“, რომლის რიგებში 2019 წლიდან 73 მატჩში 9 გოლი და 18 საგოლე პასი მიითვალა, კონტრაქტი შეაჩერა და მიმდინარე სეზონს „დინამო ბათუმში“ დაასრულებს. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელს 13 თამაშში 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი.