ჩოგბურთი

3:24 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა ციციპასი ისევ დაამარცხა

ამომავალმა ესპანელმა ვარსკვლავმა კარლოს ალკარასმა კიდევ ერთხელ, 7-5, 6-3 დაამარცხა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და მეოთხედფინალში გავიდა. ამგვარად, განმეორდა აშშ-ის შარანდელი ღია პირველობის მეოთხე წრის ისტორია, როდესაც ალკარასმა ციციპასთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

18 წლის ესპანელმა შეხვედრის მოსაგებად, საათი და 50 წუთი იმყოფინა. აღსანიშნავია, რომ ალკარასმა ახლახანს ინდიან ველსის ნახევარფინალში ითამაშა და ამ სეზონში ჩატარებული 17 შეხვედრიდან, 15 მოგებული აქვს. მისი მომდვნ მეტოქეა სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი, ვინც ინდიან ველსის ჩემპიონი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისი თანაბარი იყო, სანამ მეშვიდე გეიმში ციციპასი ბრეიკს აიღებდა. ბერძენი 5-2 დაწინაურდა. მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი განადგურება. ალკარასმა ზედიზედ შვიდ გეიმში გაიმარჯვა და არამარტო პირველი სეტი მოიგო, არამედ მეორეშიც 2-0 დაწინაურდა.

ესპანელი კარგად იცავდა თავს და კორტზე სწრაფი გადაადგილებით ახერხებდა ქულების დაგროვებას. ამაზე ციციპასს პასუხი თითქმის არ აღმოაჩნდა. მას შეხვედრის განმავლობაში რვა ბრეიკ პოინტი ჰქონდა, რომელთაგან შვიდი ვერ გამოიყენა. ალკარასმა კი მეოთხე მატჩ პოინტი აქცია ქულად და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

„ძალიან რთული შეხვედრა იყო. ის წარმოუდგენლად კარგად თამაშობს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი და სწორედ ასე იყო პირველ სეტში“, - განაცხადა ალკარასმა.

მეცხრე ნომრად განთესილმა იტალიელმა იანიკ სინერმა 7-6 (7-3), 6-3 მოუგო ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს, ვინც ჯავრი მსაჯზე იყარა, ვისაც აბსოლუტური მასხარა უწოდა. მისი ბობოქრობა პირველ სეტში იმით დასრულდა, რომ ორი ქულით დაჯარიმდა. კირგიოსმა ტურნირის ოფიციალურ პირთან პირისპირ დალაპარაკება მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს და ამჯერად ჯავრი ჩოგანზე იყარა. ამისთვის მეორე სეტში მას ერთი გეიმი წაგებულად ჩაუთვალეს.

0.123704