ჯეიკ პოლი პოპულარული იუთუბერია და თავისი საქმით პოპულარობასთან ერთად, დიდ ფულსაც შოულობს, მაგრამ საიდან უნდა მოიტანოს ის 300 მილიონი დოლარი, რომელსაც მაიკ ტაისონს ბრძოლაში სთავაზობს, ალბათ არავინ იცის. პოლი ამ გამოწვევას „გართობას“ უწოდებს.
რამდენიმე დღის წინ, ტაისონმა ნახევრად ხუმრობით განაცხადა, პოლი თუ მილიარდ დოლარს შემომთავაზებს, შევხვდებიო. ეს თანხა ალბათ იმიტომ დაასახელა, რომ არარეალურად მოჩანს. პოლმა „ოდნავ“ ნაკლები შესთავაზა.
25 წლის პოლი ცნობილია იმით, რომ თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ხუთი ბრძოლა აქვს მოგებული. ოღონდ, ის ისეთივე მოკრივეებს ამარცხებს, როგორიც თვითონ არის - ესენი არიან ინტერნეტში პოპულარული პიროვნებები, ყოფილი კალათბურთელი და შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი.
რკინის მაიკი კი სულ სხვაა. 55 წლის ტაისონს ნათქვამი აქვს, რომ პოლს არაერთხელ შეხვედრია და მასთან ერთად, კარგი დროც უტარებია. მაგრამ მისგან პირადად ბრძოლის შეთავაზება არ სმენია.
ტაისონმა თავისი კარიერა დიდი ხნის წინათ დაასრულა, თუმცა 2020-ში როი ჯონს უმცროსს საჩვენებელი ბრძოლა გაუმართა. მას შემდეგ, ტაისონთან შეხვედრის სურვილი არაერთმა მოკრივემ გამოთქვა, მათ შორის, ძველმა მეტოქე ევანდერ ჰოლიფილდმა.
საინტერესოა ისიც, რომ პოლს მძიმე წონამდე ბევრი უკლია. ის ამბობს, რომ მეგობრებთან იხუმრა, თუ ტაისონთან შეხვედრა მომიწევს, უამრავი კრემიანი დონატი უნდა ვჭამო, რომ წონაში მოვიმატოო.
ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მან ტაისონს მიმართა: „ასე რომ, მაიკ, თუ ახლა მიყურებ, გართობას გთავაზობ. ძველი სკოლა ახლის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამის ნახვა ფანებს მოეწონებათ“.