მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა. მაროკოელთა მთავარი მწვრთნელი ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩია, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ სხვადასხვა ოთხ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა, რაც აბსოლუტურად უნიკალური შედეგია. მართალია, 4 კვალიფიკაცია სხვა მწვრთნელებსაც აქვთ, მაგრამ ოთხჯერვე სხვადასხვა გუნდით - არა.
ჰალილჰოჯიჩმა მაროკოს ნაკრები 2019 წელს ჩაიბარა და მუნდიალზე მისი გუნდი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გამარჯვების (ორი მატჩის ჯამში 5:2) შედეგად მოხვდა. სხვათა შორის, კონგოელებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი.
უცნაური ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოსნიელი სპეციალისტის ზედიზედ მეოთხე წარმატებაა, მუნდიალზე მხოლოდ ერთხელ აქვს ნამუშევარი. 2010 წელს ჰალილჰოჯიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კოტ დივუარი გაიყვანა, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2010 წლის თებერვალში აფრიკის თასზე წარუმატებლობის შემდეგ პოსტიდან დაითხოვეს.
2014 წელს ჰალილჰოჯიჩის ხელმძღვანელობით მუნდიალზე ალჟირის ნაკრები მოხვდა და ამჯერად მას ფინალურ ეტაპზე მუშაობა მოუწია, თანაც წარმატებულად. ალჟირი მერვედფინალში გავიდა და იქ მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა (1:2).
2018 წელს ვაჰიდი იაპონიის ნაკრების თავკაცი იყო და აზიელებსაც მოაპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, მაგრამ სანამ ტურნირი დაიწყებოდა, 2018 წლის აპრილში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ვნახოთ, ამჯერად მუნდიალის დაწყებამდე 7 თვე რჩება და საინტერესოა, შეინარჩუნებს თუ არა სამსახურს მაროკოს ნაკრებში.
ამრიგად, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი პირველი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება სხვადასხვა ოთხ ნაკრებთან ერთად.