საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით ზაფხულიდან „ნაპოლიში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Sportitalia ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ნეაპოლელები ლორენცო ინსინიეს შემცვლელს აქტიურად ეძებენ და 21 წლის ქართველი გარემარბი ინსინიეს მემკვიდრე იქნება. ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდაა შეფასებული, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე „ნაპოლის“ მისი დამატება უფრო დაბალ ფასშიც შეუძლია.
Sportitalia-ს ჟურნალისტები ალფრედო პედულა და ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინებიან, რომ ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ახლოსაა გარიგების დასრულებასთან. ფეხბურთელთან საბოლოო შეთანხმება შესაძლოა უახლოეს საათებშიც კი შედგეს.
„ნაპოლიმ“ დაიბევა ოლივერა, მაგრამ ასევე კვარაცხელია. კონტრაქტს ხელის მოწერა სჭირდება, მაგრამ ეს დროის საკითხია“, - წერს პედულა. თავის მხრივ, ლონგარიმ დღეს კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ აქტიური მოლაპარაკებები დაადასტურა. მისი ცნობით, კონტრაქტის გაფორმებამდე ძალიან ცოტა რჩება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონს „დინამო ბათუმში“ დაასრულებს, რადგან იტალიურმა კლუბებმა ერთობლივი შეთანხმებით არასატრანსფერო პერიოდში რუსული და უკრაინული კლუბებიდან გათავისუფლებული ფეხბურთელების დამატებაზე უარი თქვეს, თუმცა, ცხადია, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ისინი შეძლებენ ნებისმიერი გუნდიდან ფეხბურთელისთვის ბრძოლას და მოსალოდნელია, რომ კვარა „ნაპოლის“ ივნისში შეუერთდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინში“ 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრებში მას 13 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს გათვლილი.