ჯორჯ რასელი ფიქრობს, რომ „მერსედესში“ თავის პირველ სეზონში, ტიტულისთვის ბრძოლის შანსი არ მიეცემა, თუ გუნდი ძირეულად არ გააუმჯობესებს თავის სარბოლო ავტომობილს. რასელმა და ლუის ჰამილტონმა, საუდის არაბეთის დიდი პრიზი შესაბამისად, მე-5 და მე-10 ადგილებზე დაასრულეს.
გერმანულმა გუნდმა წინა რვა სეზონში, კონსტრუქტორთა ამდენივე ტიტული მოიპოვა, მაგრამ ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სათანადოდ მომზადება ვერ შეძლო. სეზონის დასაწყისში, ის ახლოსაც არაა „ფერარისთან“ და „რედ ბულთან“. და როგორც ჩანს, მოწინავეთა შორის დაბრუნება, სწრაფად ვერ მოხერხდება.
რასელი, ვინ „მერსედესში“ „უილიამსიდან“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ გადავიდა, ჩემპიონატის ლიდერ შარლ ლეკლერს 23 ქულით ჩამორჩება, ჰამილტონს კი პირველ ადგილამდე 29 ქულა აშორებს. რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით არაა ის სხვაობა, რომლის დაძლევაც მომდევნო 21 რბოლაში შეუძლებელი იქნება. მაგრამ ამისათვის კონკურენტუნარიანი მანქანაა საჭირო, როგორიც ბრიტანელი პილოტების ხელში არაა.
„ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მაგრამ თუ სასწრაფოდ მანქანის გაუმჯობესება ვერ შევძელით, ჩემპიონობისთვის ბრძოლა სულ უფრო ძნელი იქნება. პირველი ორი რბოლის შემდეგ, მესამე საუკეთესო გუნდი ვართ. და თუ მომდევნო ხუთ, ექვს ან შვიდ რბოლაშიც ასე იქნება, კვლავაც დაგვრჩება შანსები. მაგრამ ფაქტია, რომ წინ ბავშვის ნაბიჯებით მივდივართ. ჩვენ კი დიდი ნახტომები გვჭირდება. ჯერ ვერ ვახერხებთ პრობლემის მოგვარებას. ეჭვი არ მაქვს, როდესაც ამას შევძლებთ, დროსაც გავაუმჯობესებთ. თუმცა ამის თქმა უფრო იოლი, ვიდრე შესრულება“, - ამბობს რასელი.
ის დასძენს, რომ ავსტრალიაში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ ელის. უფრო მეტი ოპტიმიზმი არც ჰამილტონს აქვს. ის დარწმუნებულია, რომ გუნდს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, სანამ ლიდერების დაწევას შეძლებს. პილოტების აზრს გუნდის შეფი ტოტო ვოლფიც იზიარებს.