ფეხბურთი

2:28 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთივე მონაწილე გაირკვა
სენეგალი, კამერუნი, ტუნისი, მაროკო და განა მუნდიალზე ითამაშებენ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ხუთივე მონაწილე აფრიკის კონტინენტიდან ცნობილია - სენეგალი, განა, მაროკო, ტუნისი და კამერუნი.

მთავარი, სენეგალისა და ეგვიპტის დაპირისპირება იყო. სადიო მანე მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ. ამ გუნდების პირველი მატჩი ეგვიპტელებმა შინ 1:0 მოიგეს, ხოლო სენეგალში მასპინძლებმა ამავე ანგარიშით იმარჯვეს. შესაბამისად, როგორც ორი თვის წინ აფრიკის თასის ფინალში, ახლაც გამარჯვებულის ვინაობა პენალტებში გაირკვა. მაშინ, სენეგალმა მოიგო, გადამწყვეტი პენალტი მანემ გაიტანა და ზუსტად იგივე მოხდა ამჯერადაც. სადიომ გაიტანა, ხოლო მოჰამედ სალაჰი თანაგუნდელთაგან ბურთთან პირველი მივიდა და კარს ააცილა. უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტემ ოთხიდან მხოლოდ ერთი პენალტი გაიტანა და სენეგალმა სერიაში 3:1 მოიგო. შედეგად, სენეგალის ნაკრები ისტორიაში მესამედ მუნდიალზე ითამაშებს.

კატარში იქნება განის ნაკრებიც, რომელმაც სტუმრად გატანილი გოლით (აფრიკაში ჯერ კიდევ მოქმედებს) ნიგერია დაამარცხა. განაში მატჩი 0:0 დასრულდა, ნიგერიაში 1:1 და განა მსოფლიოს ჩემპიონატზეა, ამას კი განელებმა ისტორიაში მეოთხედ უწიეს.

ტუნისისა და მალის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და ვინაიდან ტუნისელებს პირველი თამაში სტუმრად 1:0 ჰქონდათ მოგებული, მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ტუნისი მუნდიალზე მეექვსედ გავიდა.

მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეექვსედ ითამაშებს. მაროკოელებმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შინ 4:1 მოუგეს, ორი მატჩის ჯამში კი 5:2 აჯობეს და კატარში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აფრიკიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ყველაზე გვიან კამერუნის ნაკრებმა მოიპოვა, რომელსაც ალჟირთან შინ წაგებული ჰქონდა (0:1), მაგრამ ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის გოლით სტუმრად 90 წუთში ამავე ანგარიშით მოიგო და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც ძალიან დრამატული გამოდგა. 118-ე წუთზე აჰმედ ტუბამ ანგარიში გაათანაბრა და ალჟირი ამ შედეგით მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა, მაგრამ 124-ე წუთზე(!) კარლ ტოკო ეკამბიმ კამერუნი ისევ წინ და რაც მთავარია მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. კამერუნი მუნდიალზე მერვედ ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ამ დროისთვის კატარს, გერმანიას, დანიას, ბრაზილიას, საფრანგეთს, ბელგიას, ხორვატიას, ესპანეთს, სერბეთს, ინგლისს, შვეიცარიას, ნიდერლანდებს, არგენტინას, ირანს, სამხრეთ კორეას, იაპონიას, საუდის არაბეთს, ეკვადორს, ურუგვაის, კანადას, განას, სენეგალს, პორტუგალიას, პოლონეთს, ტუნისს, მაროკოსა და კამერუნს აქვთ მოპოვებული.

0.118745