ჩოგბურთი

2:24 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასი მაიამის მეოთხე წრეში ძველ მეტოქეს - ალკარასს შეხვდება

სტეფანოს ციციპასი მეოთხე წრეში გავიდა, სადაც ძველი მეტოქე, ესპანელი თინეიჯერი კარლოს ალკარასი შეხვდება. ისინი ერთმანეთს აშშ-ის შარშანდელ ღია პირველობაზეც, მესამე წრეში შეხვდნენ და მაშინ ალკარასმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. მაიამის ღია პირველობაზე, ბერძენს რევანშის შანსი ექნება.

მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა ციციპასმა 90 წუთში, 6-4, 6-3 მოუგო ავსტრალიელ ალექს დე მინორს, რომელსაც უკვე მერვედ შეხვდა და მერვედ დაამარცხა. შეხვედრის შემდგ მან განცხადა, რომ იყო მომენტები, როცა შინაგან ძალას მოუხმო, რათა მეტოქის წინააღმდეგობა დაეძლია. და ეს კარგად გამოსდიოდა.

ალკარასი მე-14 ნომრად არის განთესილი და მან მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი, ხორვატი მარინ ჩილიჩი 6-4, 6-4 დაამარცხა. 18 წლის ალკარასი შესანიშნავ ფორმაშია - ამ სეზონში რიოს ტურნირი მოიგო და ინდიან ველსის ნახევარფინალში გავიდა.

მაიამის ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, პოლონელმა ჰუბერ ჰურკაჩმა რუს ასლან კარაცევთან ერთი სეტი დათმო, მაგრამ მაინც მოიგო და მეოთხე წრეში სამხრეთაფრიკელ ლოიდ გარისს დაუპირისპირდება. ინდიან ველსის ახალი ჩემპიონი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი კი სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს შეხვდება.

რაც შეეხება დანიილ მედვედევს, მას მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსის დაბრუნების შანსი აქვს. ამისთვის ის მინიმუმ, ნახევარფინალში უნდა გავიდეს. მისი მომდევნო მეტოქეა ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი, ვინც ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

0.111652