ფეხბურთი

20:25 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი: "ველოდები, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს ამხანაგური მატჩები ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია და ელოდება, რომ გუნდი იმ დინამიკას შეინარჩუნებს, რომელიც ოქტომბრიდან აქვს.

"იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით და იგივეს ველი ალბანეთის წინააღმდეგაც.

მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. მოწინააღმდეგის შესწავლა ჩემი სამსახურის ნაწილია. რა თქმა უნდა, ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ესპანეთთან შეხვედრაში დაამტკიცეს. მეტოქეს საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვიცით, მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ.

ალბანეთის ნაკრები ესპანეთთან მატჩის და მგზავრობის შემდეგ, შესაძლოა, დაღლილი იყოს, რაც გასაგებია. აქედან გამომდინარე, ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ბოლო წლებში, ალბანეთის ნაკრებს სტილი და ტაქტიკა დიდად არ შეუცვლია. დადებითი შედეგის მისაღწევად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება", - ციტირებს სფფ-ის პრესსამსახური სანიოლის სიტყვებს.

ალბანეთის ნაკრებმა ორი დღის წინ სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ითამაშა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოლი მირტო უზუნიმ გაიტანა, რომელიც ხვალ არ ითამაშებს. ალბანეთისა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ზედიზედ ოთხი თამაში აქვს მოგებული, ალბანეთთან ისტორიაში 13-ჯერ უთამაშია, საიდანაც 7 გამარჯვება მოიპოვა, 3-ჯერ დამარცხდა და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

0.120721