ფეხბურთი

17:26 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედოარდო რეია: "საქართველო ორგანიზებული გუნდია, რომელიც ბევრს დარბის და დაცვაში ძლიერია"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 76 წლის სპეციალისტმა ხვალინდელ შეხვედრაზე, მის გუნდსა და მეტოქეზე ვრცლად ისაუბრა.

როგორც რეიამ აღნიშნა, საქართველოსთან ამხანაგური თამაში ალბანეთისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. იტალიელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ორგანიზებული გუნდია, რომლის წინააღმდეგ სიფრთხილე საჭიროა.

„გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მესიჯი არ მაქვს, რადგან ისინი ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ და ახლაც ასე იქნება. ესპანეთთან კარგი მატჩი ჩავატარეთ, ვფიქრობ, დადებითი თამაში იყო. ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია და რთულ მეტოქეს ვეთამაშეთ. ზოგადად, ჩემი გუნდის თამაში მომეწონა. ვწუხვარ, რომ გოლი 90-ე წუთზე გავუშვით და ამ ნაწილზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ბოლო წამამდე მოედანზე ყურადღებით უნდა ვიყოთ. ფრე იქნებოდა შედეგი, რომელიც მორალურად გაგვაძლიერებდა, მაგრამ თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. აქვე უნდა აღინიშნოს, მსაჯების შეცდომები, ორი პენალტი, რომელზეც არაფერი ითქვა. ასევე, მგონი ჩენს კარში გოლი თამაშგარედან გავიდა. ეს არ არის საბაბი, მაგრამ უნდა აღინიშნოს სიტუაციის უკეთ შესაფასებლად. ჩვენ ვიზრდებით, სტაბილურები ვართ და ვფიქრობ, პროგრესის გაგრძელება შეგვიძლია.

ცხადია, მინდა ისე ვითამაშოთ საქართველოსთან, როგორც ესპანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი დადებითი არ იყო. ნახევარდაცვაში ბევრი ცვლილება იქნება, რადგან ეს არის ამხანაგური მატჩი, რომელშიც მინდა ყველა მოთამაშე ვნახო. გარდა ამისა, ყველა მოთამაშის მდგომარეობა შესაფასებელია, ვინ არის კარგად, ვინ დაღლილია. ნახევარდაცვაში ცვლილებები იქნება, რადგან ბარეს ტრავმა აქვს, ხოლო ბალიუ გუნდში დაბრუნდა, რაზეც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული. სავარაუდოდ, გუნდში დაბრუნდება უზუნიც, რადგან ეს „გრანადაში“ გვთხოვეს და არ გვინდა ფეხბურთელს საქმე გავუფუჭოთ, თავისუფლად შეგვიძლია ის კლუბში გავუშვათ და დიდი ალბათობით, ასეც იქნება.

საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც შვედეთი და ბოსნია დაამარცხა. ბევრს დარბის, ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ტექნიკურადაც არაფერი დაეწუნება. თავიდანვე კმაყოფილი ვიყავი ესპანეთთან და საქართველოსთან სპარინგებით, ეს არის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღოთ და ვაჩვენოთ ჩვენი პროგრესი. კონკურენტუნარიანი გუნდისთვის 20 აქტიური ფეხბურთელია საჭირო, რათა მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ.

საქართველოს დაუფასებლობა? გვახსოვს ანდორასთან 2:2, როცა მეტოქე არ დავაფასეთ და დიდი შეცდომა დავუშვით. მას შემდეგ, ყველა სანაკრებო შეკრება ამაზე საუბრით იწყება, არცერთი მეტოქე არ უნდა იყოს დაუფასებელი. ჩვენთვის ამხანაგური მატჩები ოფიციალურივით მნიშვნელოვანია და ბიჭებში დიდ მოტივაციას ვხედავ, ამ ასპექტის საერთოდ არ მეშინია. მჯერა, ალბანეთი საქართველოსთან კარგად ითამაშებს და მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება.

ციკალეში-ბროიას დუეტით ვითამაშებთ? ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეტევაში რამდენიმე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გვყავს. მაგალითად, რეი მანაი, რომელიც მუდმივად თამაშობს კლუბში და გოლებსაც იტანს. ვრიონიც ფორმაში დაბრუნდა, გარდა ამისა, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მომავლისკენ ვიხედებით. ჩვენთვის ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ერთა ლიგისთვის, რადგან ასევე მნიშვნელოვანი ტურნირია.

რა თქმა უნდა, საქართველო ესპანეთისგან სრულიად განსხვავებული მეტოქეა, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელიც თავს კარგად იცავს, ბევრს დარბის და კონტრშეტევებზე სახიფათოა. ჩვენთვის მთავარია, გამოვიყენოთ იმ ფეხბურთელების მახასიათებლები, რომლებიც გვყავს და მათგან მაქსიმუმი მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკურად სრულყოფილი თამაშის ჩატარება, მოედანზე კონცენტრირებული ყოფნა, ნაკლები შეცდომის დაშვება და იმ სივრცეების გამოყენება, რომელსაც მეტოქე დაგვიტოვებს. ბიჭებმა უკეთ და ნათლად იციან, როგორ უნდა ითამაშონ. ვფიქრობ, ესპანეთი მსოფლიოში ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაშის ასეთი ფილოსოფია აქვს, მსგავსს საერთოდ ვერ ვხედავ. საქართველო ესპანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სუსტი მეტოქე არ არის, კარგი გუნდია და ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. საქართველოს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი მომენტი გამოვიყენოთ, რომელიც გვექნება“, - განაცხადა რეიამ.

ალბანეთის ნაკრებმა ორი დღის წინ სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ითამაშა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოლი მირტო უზუნიმ გაიტანა, რომელიც ხვალ არ ითამაშებს. ალბანეთისა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ზედიზედ ოთხი თამაში აქვს მოგებული, ალბანეთთან ისტორიაში 13-ჯერ უთამაშია, საიდანაც 7 გამარჯვება მოიპოვა, 3-ჯერ დამარცხდა და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

0.402459