ჰარუ ბაშოს დასასრული ვისთვის დრამატული და ვისთვის სასიხარულო გამოდგა. წლის მეორე ბაშოზე იმპერატორის თასი ვაკატაკაკაგემ მოიპოვა. იაპონელმა სუმოისტმა ბოლო ბრძოლა ოძეკ შოდაისთან ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს დადებითი ბალანსი უკვე განაღდებული ჰქონდა და ეს გამარჯვება დიდად არაფერში სჭირდებოდა, იორიკირით მოიგო და ვაკატაკაკაგეს ჩემპიონობის ბედი ტაკაიასუს ორთაბრძოლის შედეგზე დამოკიდებული გახადა.
შანსი ვერც ტაკაიასუმ გამოიყენა - გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე იაპონელი ლიდერობდა, თუმცა, მეშვიდე მაეგაშირამ ბოლო ორი შეხვედრა, ჯერ შოდაისთან, შემდეგ კი აბისთან წააგო და ტურნირის ბოლო დღეს დამატებითი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწია.
აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლი, რომელიც იაპონელს ხვდებოდა, დადებითი ბალანსისთვის იბრძოდა და ტაკაიასუსთან გამარჯვება მათი შანსი იყო, შესაბამისად, ამ გამარჯვებებით დადებითი ბალანსი გაინაღდეს.
დამატებითი ბრძოლა 12:3 ბალანსის მქონე ტაკაიასუსა და ვაკატაკაკაგეს შორის შედგა, რომელმაც ფინალური დაპირისპირების მოლოდინი გაამართლა. მათმა შეხვედრამ დაახლოებით 20 წამი გასტანა მაგრამ, ამ დროში ორივე მათგანს ჰქონდა შანსი. საბოლოოდ, შედარებით მწირეწონოსანმა სუმოისტმა ტაკაიასუ დოჰიოდან დაიქნია, მის მიღმა გადაისროლა და უვატედაშინაგეს ილეთით მოიგო.
სხვათა შორის ეს წყვილი მე-11 საშეჯიბრო დღეს შეხვდა ერთმანეთს და მაშინაც იგივე შედეგი დაფიქსირდა. მაგრამ მაშინ დღევანდელი ჩემპიონი ტაკაიასუს მოგების მიუხედავად ჩამორჩებოდა, რადგან მას 11:2-ზე ბალანსი ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეს 12:1-ზე.
ვაკატაკაკაგემ იმპერატორის თასი ისტორიაში პირველად მოიპოვა, აღსანიშნავია, რომ ის ბოლო 4 ბაშოა დადებით ბალანსს აფიქსირებს. რაც შეეხება ტაკაიასუს, მან წლის პირველ სუპერტურნირზე ვერცერთი ბრძოლა ვერ ჩაატარა და მისთვის მარტის სუპერტურნირი პირველი იყო, სადაც ჩემპიონობასთან ახლოს იყო, თუმცა მცირედი დააკლდა.