კრისტიან ერიკსენმა 287-დღიანი პაუზის შემდეგ დანიის ნაკრებში ითამაშა და გოლიც გაიტანა. თან მას ამისთვის 2 წუთი და ბურთთან პირველივე შეხება ეყო. ერიკსენმა ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთეს დაბრუნებას ვერც ინატრებდა.
„თავს ისევ ფეხბურთელად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და ეს შესანიშნავი დასაწყისია. მოედანზე დაბრუნება ძალიან კარგია, ამას მოუთმენლად ველოდი, უკეთეს დაბრუნებას ვერ ვინატრებდი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ეროვნული ნაკრები არასდროს დამიტოვებია, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა მატჩი გამოვტოვე.
ჩემთვის ეს სტადიონი ყოველთვის განსაკუთრებული იყო, მოხარული ვარ, რომ გოლი სწორედ აქ გავიტანე. გულშემატკივრების ემოციები მშვენიერი იყო. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია ჩემი მიზანი. მე ისევ იგივე ფეხბურთელი ვარ, იგივე თვისებებით. არანაირ განსხვავებას არ ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ისევ ფეხბურთელი ვარ. თითოეული სტატია და ფოტო მახსენებს იმ მომენტს, თუმცა, ყოველთვის ასე არ იქნება. მე ახლა ვსაუბრობ, როგორც ფეხბურთელი და არა ის კაცი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე წუთით აქ არ იმყოფებოდა“, - თქვა ერიკსენმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრებმა დანია 4:2 დაამარცხა, ხოლო ერიკსენს ეროვნულ გუნდში 110 მატჩში 37 გოლი აქვს გატანილი.