„რედ ბულის“ სერხიო პერესმა კარიერაში პირველად მოიგო კვალიფიკაცია და საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს. პერესმა უშეღავათო ბრძოლაში უკან მოიტოვა „ფერარის“ ორივე პილოტი - შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი კი მეოთხე ადგილს დასჯერდა.
პერესისთვის ეს 215-ე რბოლაა. ის აქამდე პოულზე არასდროს მდგარა. თუმცა გამარჯვების გემო გასინჯული აქვს. რბოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჯედას ტრეკზე კიდევ 1 000 წრე რომ გაიაროს, ასეთი უნაკლო ერთიც აღარ გამოუვა.
„კვალიფიკაციაზე კარგ შედეგს არც ველოდით და უფრო რბოლისთვის ვემზადებოდით. ეს წარმოუდგენელია“, - განაცხადა პერესმა.
ფერსტაპენი ჩაჭიდებას უჩიოდა და რა თქმა უნდა, მეოთხე შედეგით უკმაყოფილო დარჩა. თუმცა მას ხასიათი თანაგუნდელის პოულმა გამოუკეთა.
„მერსედესებს“ შორის საუკეთესო ჯორჯ რასელი იყო, რომელმაც მეექვსე დრო დააფიქსირა. ლუის ჰამილტონს კი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი კვალიფიკაცია ჰქონდა - მე-16 ადგილზე გავიდა. მან წარუმატებლობა ცუდად მომზადებულ მანქანას მიაწერა.
სხვათა შორის, „მერსედესის“ ძრავებით აღჭურვილი მანქანებით მოაპარეზეთაგან, ათეულში მხოლოდ რასელი შევიდა. ათეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ „მაკლარენის“ ლანდო ნორისს და დანიელ რიკარდოს.
საუდის არაბეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'28.200
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.025
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.202
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.261
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.868
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.904
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.947
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 0.983
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.054
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.388
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.451
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.573
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.619
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.720
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.809
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.143
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.292
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.343
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.617
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) დროის გარეშე