ფეხბურთი

17:00 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "სანიოლი ყოველთვის დაინტერესებულია ჩვენი მენტალიტეტის უკეთ გაცნობით"

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დღეს იუბილარია და 26 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით ავსტრიულმა გუნდმა ინტერვიუ ჩაწერა.

„შტურმის“ ვებგვერდთან საუბარში ოთარმა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლზეც ისაუბრა, თუმცა, უმეტესწილად დიალოგი კლუბს დაეთმო.

- კიტე, სასიამოვნოა, რომ დაბრუნდი! თავის 100%-ით ფორმაში გრძნობთ თუ ჯერ კიდევ არ ხართ საუკეთესო კონდიციებში?

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თამაში კვლავ შემიძლია. ჯერ კიდევ შორი გზაა, მაგრამ ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო და ფორმაში დავბრუნდე.

- როგორი გრძნობა იყო, როცა მოედანზე დაბრუნდით და გულშემატკივარი ასე თბილად შეგხვდათ?

- ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. თამაშის შემდეგ წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა, გულშემატკივრების სითბოს გამო. ასეთი რაღაც წარმოუდგენლად კარგი შეგრძნებაა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის.

- როგორ იყო ტრავმის პერიოდი?

- რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან გუნდს თითქმის 6 თვე ვერ დავეხმარე. მთლიანობაში კარგად გავუმკლავდი ამ პერიოდს. გუნდში და ჩემს გარშემო ყველა ცდილობდა მაქსიმალურად დახმარებას და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა ისევ შემიძლია თამაში.

- მომდევნო მატჩი „ვოლფსბერგერთან“ გაქვთ. რამდენად შეიძლება იყოს კიტეიშვილი გულშემატკივრების იმედი ამ შეხვედრაში?

- რა თქმა უნდა, მინდა მოედანზე 90 წუთი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ახლა შეუძლებელია. ჯერ კიდევ ერთი კვირა მაქვს სამუშაოდ და შემდეგ მწვრთნელი გადაწყვეტს ვიქნები თუ არა ძირითადში და რამდენ წუთს ვითამაშებ.

- საქართველოს ნაკრებს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და გერმანიის მრავალგზის ჩემპიონი ვილი სანიოლი წვრთნის. როგორი ადამიანი და მწვრთნელია?

- ვილი სანიოლი მართლაც ძალიან კარგი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ცდილობს მჭიდროდ იმუშაოს ფეხბურთელებთან და მათთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. ის ყოველთვის დაინტერესებულია ჩვენი მენტალიტეტის უკეთ გაცნობით და ჩვენ თავის მხრივ ვსწავლობთ რას ითხოვს ის ჩვენგან მოედანზე. იმედი მაქვს, რომ მალე კვლავ ვიქნები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რათა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და წარმატებებს მივაღწიოთ.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 6 თვე გამოტოვა, ის ერთი კვირის წინ დაბრუნდა მოედანზე და „შტურმის“ ფანები სიმღერით შეეგებნენ. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 15 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასია. ოთარი საქართველოს ნაკრებში ამჟამად არ არის გამოძახებული, რაც ბუნებრივია ფორმაში არყოფნითაა გამოწვეული.

0.12245