ფეხბურთი

10:57 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე: "ბავშვობის ოცნება ამიხდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ეროვნულ გუნდში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც გამარჯვების მომტანი. ქართველმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა.

"რთული თამაში იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინა კარგი გუნდია. საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება სურდათ. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით მცველებმა და მეკარემ. გოლი არ გავუშვით, რაც ძალიან კარგია. გახარებულები ვართ წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვებით.

ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. ბავშვობის ოცნება ამიხდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო. თუმცა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და დავეხმარო გუნდს, იქნება ეს გოლი, თუ უბრალოდ კარგი თამაში. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, კარგი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ გოლი გამეტანა“, - ციტირებს სფფ-ს ვებგვერდი ზივზივაძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, ბოლო სამ მატჩში კი გოლი არ გაუშვია. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.125927