საქართველოს ნაკრებმა 2022 წელი ისე დაიწყო, როგორც წინა წელი დაასრულა - გამარჯვებით. მართალია, ვილი სანიოლის გუნდის თამაშის ხარისხი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მაღალი დონის ნამდვილად არ ყოფილა და უამრავი ხარვეზიც შეინიშნებოდა, მაგრამ ფაქტია, ტაბლოზე ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ დაფიქსირდა - 1:0.
მატჩს ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა: პირველში ბოსნიელთა უპირატესობა აშკარა იყო და სამი რეალური მომენტიც შექმნეს. ადნან კოვაჩეჩიმა ძელს გაარტყა, ერმედინ დემიროვიჩმა გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩენილმა კარს ააცილა, ხოლო ედინ ჯეკოს ქართველმა მეკარემ აჯობა. ამასთან თამაშგარის გამო კოვაჩევიჩს გოლი არ ჩაუთვალეს.
48-ე წუთზე ბოსნიის ნაკრებმა კიდევ გაიტანა, მაგრამ ისევ ოფსაიდის გამო გოლი გაუქმდა, ამჯერად ჯეკოს მიერ გატანილი. უნდა აღიშნინოს, რომ ამ მომენტში თანამსაჯი აშკარად შეცდა. სამაგიეროდ, ზუსტად ერთ წუთში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.
ვილი სანიოლის გუნდის პრაქტიკულად პირველივე კარგი იერიში გოლით დასრულდა. მოედნის ცენტრში ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეს გასცდა, საჯარიმოს მიუახლოვდა, სადაც ბუდუ ზივზივაძე კარგად გაეხსნა, პასი გაუკეთა და ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში მისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა.
70-ე წუთზე კვარაცხელიას თავად შეეძლო გატანა, თანაც ულამაზესი გოლის, მაგრამ მისი შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა და ბოსნია გადარჩა. სულ მალე, ლორიამ იყოჩაღა, რომელმაც მეტოქეს პირისპირ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბოსნიელებმა მცირე შტურმი მოაწყვეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი მაინც ვერ შექმნეს და საბოლოოდ, 1:0 ვილი სანიოლის გუნდის სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, რაც 2018 წლის მერე პირველად მოახერხა, ხოლო ისტორიაში უკეთესი სერია ერთადერთხელ, 1997-1998 წლებში ჰქონდა, როცა მიჯრით 5-ჯერ იმარჯვა. ვთქვათ ისიც, რომ ბოლო სამ თამაშში საქართველოს გოლიც არ გაუშვია.
სანიოლის შეგირდები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან გამართავენ, ხოლო შემდეგ ივნისში, უკვე ერთა ლიგის ჯერი დადგება.
ბოსნია - საქართველო 0:1 (0:0)
ზენიცა, „ბოლინო პოლიე“
ბოსნია (3-5-2): შეჰიჩი; აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი (გაზიბეგოვიჩი 76), სანიჩინინი (მილიჩევიჩი 59); სტევანოვიჩი (მენალო 87), გოიაკი (რაჰმანოვიჩი 76), ჰაჯიაჰმეტოვიჩი, კრუნიჩი (დანილოვიჩი 59), კოლაშინაცი; დემიროვიჩი (პრევლიაკი 87), ჯეკო
მწვრთნელი: ივაილო პეტევი
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი (ჩაბრაძე 79), გიორბელიძე (წიტაიშვილი 63); აბურჯანია (კვირკველია 63), კვეკვესკირი; ლობჟანიძე (მექვაბიშვილი 63), დავითაშვილი (გვილია 72), კვარაცხელია (ბერიძე 75); ზივზივაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლი: 0:1 ზივზივაძე (49)
გაფრთხილება: აბურჯანია (25), დავითაშვილი (57), წიტაიშვილი (72)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 4 (1) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: ალექსანდერ სტავრევი