კალათბურთი

17:02 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო და იქ ომის მერეც არ დავბრუნდები"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ბერძნულ გამოცემა gazzetta.gr-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოსკოვის ცსკა-დან წასვლის შესახებაც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რუსულ გუნდში გადასვლით შეცდომა დაუშვა და ომის დასრულების შემდეგ მოსკოვურ გუნდში დაბრუნებას არ აპირებს.

- გვიამბეთ ცსკა-ს დატოვების გადაწყვეტილების შესახებ?

- ყველა ამბობს, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა. პირველ რიგში ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი, რომელიც საფრთხის ქვეშ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ომი მოსკოვში არ ყოფილა. ომის დროს არასდროს იცი რა მოხდება, ერთი წამიც საკმარისია რაღაც რომ მოხდეს. ჯერ ჩემი ოჯახი წავიყვანე და შემდეგ მეც წავედი.

- თქვენს გადაწყვეტილებში როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ საქართველოდან ხართ?

- რა თქმა უნდა, ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვიღაც იკითხავს, რატომ წავედი მანამდე ცსკა-ში სათამაშოდ? მოსკოვის ცსკა-მ 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა და მანამდე არ დავთანხმდი, სანამ კონტრაქტში არ ჩავაწერინე, რომ საქართველოს ნაკრებში გამიშვებდნენ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვთამაშობთ და მინდა გუნდს დავეხმარო. ცსკა ევროპის ერთ-ერთი ტოპკლუბია, ევროლიგის მოგების იდეაც მიმზიდველი იყო, თუმცა, გადაწყვეტილების მთავარი მოტივი საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა იყო. ახლა ვხვდები, რომ ეს არ იყო კარგი მიზეზი იქ წასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ, პრეზიდენტმა, თანაგუნდელებმა, მწვრთნელებმა ყველაფერი გააკეთეს თავი კომფორტულად რომ მეგრძნო. მინდა მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. თუმცა, მე არ ვიყავი იგივე ადამიანი, იგივე მოთამაშე, რაც მანამდე. ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ემოციურად იქ არ ვიყავი.

- დაბრუნდებით თუ არა ცსკა-ში, როდესაც ომი დასრულდება?

- არა, არ დავბრუნდები. ომი რომ დამთავრდება, ცსკა-ში არ დავბრუნდები.

- როგორ მოხვდით „ვირტუს ბოლონიაში“?

- ეს იყო ერთ-ერთი პირველი გუნდი, რომლისგანაც წინადადება მივიღე, ვუყურე ევროთასზე ამ გუნდის თამაშებს, მომწონს მათი თამაში, კალათბურთელები, მწვრთნელი. ეს იყო ელემენტები, რამაც გადაწყვეტილება გაადვილა. ასევე, ყოველთვის მინდოდა იტალიაშიც მეთამაშა და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

- დარჩებით თუ არა მომდევნო სეზონშიც „ბოლონიაშიც“, არის ჭორები „ბარსელონაზეც“...

- ჩემს არჩევანს ღია ვტოვებ. არ მინდა ემოციურ ფონზე გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტილების მიღება. აქ სეზონის ბოლომდე დავრჩები და მერე ვნახავ, რა იქნება.

- რუსული გუნდები არა მარტო კალათბურთში, საერთაშორისო ტურნირებიდან გააძევეს. კმაყოფილი ხართ სპორტული სამყაროს ასეთი რეაქციით?

- რამდენიც უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივე არ არის, რამდენადაც არ უნდა გავმიჯნოთ ცალკეულ სიტუაციებში, ეს არ შეიძლება. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ სპორტულ ორგანიზაციებში ბევრი ადამიანი ომის მომხრე არ არის, მაგრამ ახლა ვხედავთ ვინ იტანჯება - უკრაინელი ხალხი და არა სპორტული ორგანიზაციები, ამიტომაც, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

- გყავთ მეგობრები რუსეთში ან უკრაინაში, ვისთანაც ურთიერთობას ინარჩუნებთ?

- რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთსა და უკრაინაში. ჩემი რამდენიმე თანაგუნდელიც გუნდში დარჩა და თამაშს აგრძელებს. ყველასთვის ტრაგიკული სიტუაციაა და არავის უნდა ომის შუაში იყოს.

- როგორია ილიას ზუროსთან და მის ასისტენტ გეორგიოს ლიმნიატისთან მუშაობა?

- მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია ზუროსსა და გეორგიოსზე. ერთმანეთს პატივს ვცემთ. გვინდა მიზნებს ეტაპობრივად მივაღწიოთ. პირველ რიგში მსოფლიოს ჩემპიონატზე გვინდა და რა თქმა უნდა, წინ დიდი გამოწვევა გვაქვს, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში ჩატარდება.

- ევროთასზე და „ვირტუსზეც“ ვისაუბროთ. ფავორიტები ხართ, როგორც შარშან, როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ჩემპიონობა?

- ფავორიტები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ კალათბურთის თამაში ყველა გუნდს შეუძლია და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. თუ მეტოქეს პატივს არ სცემ, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

0.120929