ფეხბურთი

2:00 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონის გარეშე

ეს ისტორიაში პირველად მოხდა - იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ზედიზედ მეორედ დარჩა!

ამრიგად, მუნდიალი ევროპის მოქმედი ჩემპიონის გარეშე ჩატარდება. რობერტო მანჩინის იტალიამ ევრო 2020 დამსახურებულად მოიგო, 37-მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხო, რაც მსოფლიო რეკორდია, მაგრამ ევროპის ჩემპიონობის შემდეგ „სკუადრა აძურა“ თავის თავს აღარ ჰგავს.

შორიდან დავიწყოთ: იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4-დან 4 მატჩი მოიგო, ევროპის ჩემპიონატის მერე 4-დან მხოლოდ 1 (3 ფრე)! და, სწორედ, ამიტომ მოუწია პლეი-ოფში თამაში, სადაც იტალიას ყველა ფინალში ელოდა, რადგან შინ თამაშობდა და ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობდა.

იტალიამ კარისკენ 32-ჯერ დაარტყა, ჩრდილოეთ მაკედონიამ მხოლოდ 4-ჯერ, იტალიამ 16 კუთხური ჩააწოდა, მეტოქემ - არცერთი. თუმცა, ეს მხოლოდ სტატისტიკაა და შედეგი? მაკედონიელებმა ალექსანდრ ტრაიკოვისკის გოლით მოიგეს. მან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანა! შორი მანძილიდან დაარტყა და თავისი ქვეყნის გმირი გახდა. სხვათა შორის, მატჩი პალერმოში გაიმართა და ტრაიკოვსკი „პალერმოს“ ყოფილი ფეხბურთელია.

ახლა, შეგვიძლია გავიხსენოთ ჟორჟინიოს ორი გაცუდებული პენალტი, ორჯერვე შვეიცარიასთან, ჯერ სტუმრად და მერე შინ ბოლო წუთზე. ჟორჟინიოს ერთი პენალტი მაინც რომ გაეტანა, იტალიას პლეი-ოფში თამაში არც მოუწევდა, ისევ გავიდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. თუმცა, ფაქტია, იტალიის ნაკრებმა ბევრი შანსი გაანიავა.

ჩრდილოეთ მაკედონია კი ფინალში პორტუგალიას შეხვდება, რომელმაც შინ თურქეთი 3:1 დაამარცხა. თურქებს შეეძლოთ 1:2-ზე 86-ე წუთზე თამაში გადაერჩინათ, მაგრამ ბურაქ ილმაზმა პენალტი ვერ გაიტანა.

პელი-ოფის ფინალში ითამაშებს უელსის ნაკრებიც, რომელმაც ავსტრიის ნაკრებს 2:1 მოუგო. მატჩის გმირი გარეთ ბეილი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. უელსის ნაკრების მეტოქე ფინალში უკრაინა ან შოტლანდია იქნება, რომელთა ნახევარფინალი ომის გამო ივნისისთვისა გადადებული.

კიდევ ერთი ნახევარფინალი შვედეთსა და ჩეხეთს შორის გაიმართა და ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. 110-ე წუთზე კი რობინ ქუაისონმა გაიტანა და შევდები ფინალში გავიდნენ, სადაც პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

იტალია - ჩრდ. მაკედონია 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ტრაიკოვსკი (90)

პორტუგალია - თურქეთი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ოტავიო (15), 2:0 დიოგო ჟოტა (42), 2:1 ილმაზი (65), 3:1 ნუნიესი (90)

უელსი - ავსტრია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბეილი (25), 2:0 ბეილი (51), 2:1 დევისი (65, ა.გ)

შვედეთი - ჩეხეთი 1:0 დ.დ (0:0)

გოლი: 1:0 ქუაისონი (110)

0.163317