ავტოსპორტი

2:47 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინში „რედ ბულს“ ძრავის საწვავის ტუმბომ უმტყუნა

„რედ ბულისთვის“ ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო - ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა და სერხიო პერესმა ფინიშს ვერ მიაღწიეს და საუდის არაბეთისკენ უქულოდ გაემგზავრნენ. ორივეს ძრავი გაუფუჭდა. და ორივე შემთხვევაში, მიზეზი ერთია - საწვავის ტუმბო.

გამოცემა „რეისის“ ინფორმაციით, ორივე მანქანაზე ტუმბოს დაზიანების მიზეზი, საწვავის კავიტაციაა. გამოცემის განმარტებით, საწვავის კავიტაცია მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ავზი თითქმის დაცლილია. ამ დროს, მანქანაზე მოქმედი გადატვირთვების მოქმედებით, დარჩენილი საწვავი ავზის კედლებს ეხეთქება და ხურდება.

გარკვეულ ტემპერატურამდე გახურების შემდეგ, საწვავი აორთქლებას იწყებს და ტუმბოში ორთქლის საცობს წარმოქმნის. ამ დროს, ტუმბო საწვავის ნაცვლად, ჰაერს გადაქაჩავს. ამ პროცესში ტუმბო ზიანდება და საწვავის ავზიდან ძრავში მიწოდებას წყვეტს.

საწვავი E10, რომლის გამოყენებაც ფ1-ში ახალი სეზონიდან დაიწყეს, წინა საწვავთან შედარებით, ტემპერატურის უფრო მაღალ დიაპაზონში მუშაობს. შესაბამისად, მას კავიტაციის სხვა ზღვარი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია იმ გუნდებს ჰქონდათ, რომლებმაც წინასასეზონო ტესტებისას, რბოლის იმიტაციებზე იმუშავეს, რომელის დასასრულისთვისაც, მანქანების ავზებში საწვავი მინიმალური რაოდენობით რჩებოდა.

სარბოლო იმიტაცია „რედ ბულს“ არ შეუსრულებია. გუნდმა ყოველი შემთხვევისთვის, ბაჰრეინში კვალიფიკაციის შემდეგ, ორივე მანქანაზე საწვავის ტუმბოები შეცვალა. მაგრამ ამან პრობლემებისგან ვერ დაიცვა...

0.115018