ფეხბურთი

11:05 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: "მანჩესტერში" უკმაყოფილო ვარ, არც კი ვიცი გუნდში რა ფუნქცია მაქვს"
"მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მომპარეს"

საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა პოლ პოგბამ Le Figaro-სთან ინტერვიუში „მანჩესტერში“ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, საფრანგეთის ნაკრებისგან განსხვავებით კლუბში არ იცის რა ფუნქცია აქვს და ბედნიერი არ არის.

„საფრანგეთის ნაკრებში თამაშის დროს ჩემი ფუნქცია ვიცი, მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობას ვგრძნობ და ვგრძნობ განსხვავებას „მანჩესტერისგან“, რადგან ძნელია, როდესაც ხშირად იცვლი პოზიციას, სათამაშო სისტემას ან თანაგუნდელს. დეშამს ნამდვილად კარგად ვეწყობი, მაგრამ რა ფუნქცია მაქვს „მანჩესტერში“, ამაზე მხოლოდ კითხვის დასმა შემიძლია და პასუხი არ მაქვს.

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩემი ბოლო ხუთი სეზონით კმაყოფილი ვარ, არცერთ ასპექტში. წელსაც ვერაფერს მოვიგებთ. „მანჩესტერში“ იქნება თუ სხვა კლუბში, მინდა ტიტულები მოვიგო. როდის დაიწყო სირთულეები? პირადად ჩემთვის, როცა ჟოზე მოურინიოსთან ვმუშაობდი. საკუთარ თავს უსვამ კითხვებს, შენს თავს ეკითხები დამნაშავე ხომ არ ხარ, რადგან მსგავსი მომენტები ცხოვრებაში არასდროს გქონია, მაშინ დეპრესიაში ვიყავი“, - თქვა პოგბამ.

გარდა ამისა, ფრანგმა ნახევარმცველმა სახლის ძარცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოპარეს:

„მე კარგად ვარ, ჩემი ოჯახიც. ძალიან უცნაური კვირა მქონდა. ჩემპიონთა ლიგის მატჩი, როცა გავიგე, რომ არ ვითამაშებდი და სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახლი გაძარცვეს, სამმა ადამიანმა, რომლებმაც სეიფი მოიპარეს. იქ იყო დედაჩემის სამკაულები და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. ყველაზე მეტად იმან შემაშინა, რომ შემთხვევის დროს ჩემი ორი შვილი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. მან ყველაფერი გაიგო და ბავშვებთან ერთად ოთახში ჩაიკეტა. რამდენიმე დღე შოკში იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემი შვილები კარგად არიან", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერს“ 2016 წელს „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს 30 ივნისს ეწურება. აღსანიშნავია, რომ მას ყველაზე აქტიურად სწორედ „იუვეს“ უკავშირებენ, რომელსაც 2012 წელს იმავე „მანჩესტერიდან“ უფასოდ ერთხელ უკვე შეუერთდა და შესაძლოა, ახლაც იგივე მოხდეს.

0.480771