სხვა

13:12 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა მძიმე ბრძოლაში ისევ მოიგო (+VIDEO)

უკვე მეორედ, ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე ზედიზედ 3 ორთაბრძოლა მოიგო. როგორც ჩანს ქართველ სუმოისტს ტრავმა წინა ტურნირებისგან განსხვავებით ნაკლებად აწუხებს და მაგარ ფორმაშიც შევიდა.

ლევანის მეტოქე დღეს კაისეი იყო, რომელსაც უნდა ითქვას, რომ მძიმე ბრძოლაში აჯობა. დაპირისპირების დაწყებისთანავე ორივე სპორტსმენმა ერთი პოზიცია დაიჭირა. ჩვეულებრივ ასეთ დროს, მეტოქის ადგილიდან დაძვრა ძალიან ძნელია. პირველი ბიძგი სწორედ კაისეისგან იყო, რომელიც ჩვენებურის დოჰიოს კიდისკენ წაყვანას ცდილობდა, თუმცა, ტოჩიმ ძალები მოიკრიბა და დოჰიოდან მეტოქე აუღელვებლად გადაიყვანა.

გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე ეს გორგაძის მე-7 გამარჯვებაა და დადებით ბალანსამდე მხოლოდ ერთი მოგება აშორებს. მაგრამ, ხომ გაგიგიათ "მადა ჭამაში მოდისო", ხოდა რატომაც არა?! რაც უფრო მეტ შეხვედრას მოიგებს დარჩენილი 5 ბრძოლიდან, მით უკეთესი მისი რეიტინგისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებურს 3 მარცხი აქვს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში - უარყოფითი ბალანსისთვის ყველა უნდა წააგოს, რაც დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, სრული აფსურდია.

ხვალ ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა ტერუცუოშს შეხვდება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს და აუცილებლად მოგება მართებს. ეს წყვილი აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრია, რომელთაგანაც 3-ჯერ ლევანმა მოიგო, ხოლო 4-ჯერ დამარცხდა.

0.156389