ბელგრადში დაიწყო მძლეოსნობაში დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის პირველ დღესაც, ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში, უკრაინელმა იაროსლავა მაჰუჩიხმა გაიმარჯვა. ჩემპიონმა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, რომ ის სტადიონზე თავისი ქვეყნისთვის იბრძვის.
20 წლის მაჰუჩიხმა, ვინც დახურულ არენებზე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბელგრადში გამგზავრების წინ, მან რამდენიმე დღე თავშესაფარში გაატარა, შემდეგ კი, ბელგრადში ჩასაღწევად, 2 000 კილომეტრის გავლამ მოუწია.
მაჰუჩიხი 2.02 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო. ვერცხლის მედალი ავსტრალიელმა ელეანორ პატერსონმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი ყაზახი ნადეჟდა დუბოვიცკაია დაეუფლა.
„ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი ოჯახის და ქვეყნისთვის. მე არ ვფიქრობდი ვარჯიშზე, შეჯიბრზე. აქ ჩამოსვლაც კი ჩემთვის რთული იყო - სამი დღე მანქანით ვიარე. აქ ხტომები ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩემი გული ჩემს ქვეყანაში დარჩა. მე დღეს ჩემი ქვეყანა აქ დავიცავი“, - განაცხადა ჩემპიონმა.