ავტოსპორტი

21:47 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ და ლეკლერმა ფ1-ის ახალი სეზონი პოულით დაიწყეს

ბაჰრეინის საჰირის ტრეკზე, ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონი გაიხსნა. ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა „ფერარის“ შარლ ლეკლერის გამარჯვებით დასრულდა. მან 0.123 წამით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს, რომელმაც თავის მხრივ, მხოლოდ 0.006 წამით ჩამოიტოვა ლეკლერის თანაგუნდელი კარლოს საინს უმცროსი.

„წამის დაახლოებით მეათედი მოსახვევში დავკარგე და ამან პოული დამაკარგვინა. მაგრამ ეს პირველი რბოლაა და მთავარი ის არის, რომ კონკურენტუნარიანები ვართ“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

საინტერესოა, რომ 2019 წელს, ლეკლერმა „ფერარის“ მანქანით პირველივე ასპარეზობისას, სწორედ ბაჰრეინში მოიპოვა პოულ პოზიცია. დღეს მოპოვებული პოული, 24 წლის მონაკოელისთვის კარიერაში მეათეა.

„კარგი შეგრძნებაა. ბოო ორი სეზონი რთული იყო ჩვენი გუნდისთვის. იმედი გვქონდა, რომ რეგლამენტის შეცვლა, მოწინავეთა შორის დაბრუნების შესაძლებლობას მოგვცემდა“, - განაცხადა ლეკლერმა.

სტარტზე მეოთხე პოზიციას დაიკავებს ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი კი სტარტს მესამე რიგიდან (მე-5 პოზიციიდან) აიღებს. ამის მიუხედავად, ის შედეგით კმაყოფილი დარჩა. ბრიტანელი ჯერ კიდევ ტესტების შემდეგ ამბობდა, რომ პირველ რბოლებში მოგების იმედი არ ექნებოდა.

მესამე რიგში ჰამილტონის გვერდზე დადგება მისი ყოფილი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი. კიდევ ერთი მოულოდნელობაა ათეულში კევინ მაგნუსენის მოხვედრა. დანიელიც და ფინელიც „ფერარის“ ძრავებით აღჭურვილი მანქანებით ასპარეზობენ და როგორც ჩანს, სწორედ ძრავების დამსახურებაა მათი და საკუთრივ „ფერარის“ პილოტების წარმატება.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'30.558
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.123
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.129
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.363
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.680
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.002
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.250
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.637
  9. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.658
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.780
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.224
  12. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.440
  13. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.450
  14. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.106
  15. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.985
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.192
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.219
  18. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 2.387
  19. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.474
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.076
0.169803