ფეხბურთი

21:30 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი მშრალი მატჩი: მამარდაშვილს 387 წუთია გოლი არ გაუშვია (+VIDEO)

ზედიზედ ოთხი მშრალი მატჩი! გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ რიგებში 90 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუშვია, რაც უკვე ზედიზედ მეოთხედ გააკეთა.

„ღამურებმა“ „ელჩეს“ გონსალო გედეშის გოლით 1:0 მოუგეს, გიორგის ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ მთავარია, რომ შეცდომებიც არ დაუშვია. მან ორი სეივი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 67-ე წუთზე მამარდაშვილმა ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ VAR-მა გოლი გააუქმა, რომელიც ქართველის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. მასთან მეტოქე პირისპირ გავიდა, დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო ძელიდან ასხლეტილი ბურთი გიორგის ზურგში მოხვდა და კარში შევიდა. განმეორებაზე გამოჩნდა, რომ „ელჩეს“ შემტევი თამაშგარეში იყო და გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მამარდაშვილს 387-წუთიანი მშრალი სერია აქვს, ბოლოს მას პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ვალენსია“ – „ბარსელონას“ თამაშის 63-ე წუთზე გაუტანა.

სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ქართველ კიპერს 7.2 ქულა დაუწერა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მეოთხე შედეგი იყო, ხოლო Sofascore-მ 7.5, რაც სულაც ყველაზე მაღალი შეფასება გახლდათ (იგივე ქულა დაუწერეს ხესუს ვასკესსაც).

გიორგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული (12 ლა ლიგაში, 2 თასზე) და კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა. თანაც, როგორც ვთქვით, ეს ზედიზედ მეოთხე მატჩში გააკეთა. „ელჩემდე“ „მალიორკასთან“ (1:0), „ბილბაოსა“ (1:0 თასზე) და „ხეტაფესთან“ (0:0) შეინახა კარი ხელუხლებლად, ხოლო მანამდე იგივე მოახერხა 6 თებერვალს „სოსიედადთან“ (0:0) და ჯერ კიდევ აგვისტოში, „ხეტაფესთან“ (1:0) და „ალავესთან“ (3:0).

საგულისხმოა, რომ მამარდაშვილს "ვალენსიას" მეკარეებში ყველაზე მეტი მშრალი თამაში აქვს მიმდინარე სეზონში (14-დან 7). შედარებისთვის, იასპერ სილესენმა კარი უგოლოდ 15 მატჩიდან მხოლოდ სამში შეინახა, ხოლო ხაუმე დომენეკმა 8 შეხვედრიდან ორჯერ შეძლო გოლგაუშვებლად თამაში.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 აპრილს, „კადისს“ უმასპინძლებს.

0.123014