შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ევროპის რანგით მეორე ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა.
მეოთხედფინალური წყვილები
„ლაიფციგი“ (გერმანია) – „ატალანტა“ (იტალია)
„აინტრახტი“ (გერმანია) – „ბარსელონა“ (ესპანეთი)
„ვესტ ჰემი“ (ინგლისი) – „ლიონი“ (საფრანგეთი)
„ბრაგა“ (პორტუგალია) – „რეინჯერსი“ (შოტლანდია)
მეოთხედფინალების გარდა, გაიმართა წინსწრებით ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაც და შესაბამისად, გაირკვა, რომელ წყვილში გამარჯვებული, რომელ წყვილში საუკეთესოს შეხვდება.
ნახევარფინალური წყვილები
„ლაიფციგი“/“ატალანტას“ გამარჯვებული - „ბრაგა“/“რეინჯერსის“ გამარჯვებული
„ვესტ ჰემი“/“ლიონის“ გამარჯვებული - „აინტრახტი“/“ბარსელონას“ გამარჯვებული
ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 7, ხოლო საპასუხო 14 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალებისთვის გამოყოფილია 28 აპრილისა და 5 მაისის თარიღები, ხოლო ფინალი 18 მაისს სევილიაში ჩატარდება.