შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა.
ყველაზე დიდ ინტერესს შარშანდელი ნახევარფინალი იწვევს, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი „ჩელსი“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან. საინტერესო იქნება „მანჩესტერ სიტისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირებაც, პეპ გვარდიოლა დიეგო სიმეონეს წინააღმდეგ. აი, „ბაიერნი“ და „ლივერპული“ 1/4 ფინალში აშკარა ფავორიტებად მოსჩანან.
მეოთხედფინალური წყვილები
„ჩელსი“ (ინგლისი) – „რეალი“ (ესპანეთი)
„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – „ატლეტიკო“ (ესპანეთი)
„ვილიარეალი“ (ესპანეთი) – „ბაიერნი“ (გერმანია)
„ბენფიკა“ (პორტუგალია) – „ლივერპული“ (ინგლისი)
მეოთხედფინალების გარდა, გაიმართა წინსწრებით ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაც და შესაბამისად, გაირკვა, რომელ წყვილში გამარჯვებული, რომელ წყვილში საუკეთესოს შეხვდება.
ნახევარფინალური წყვილები
„მანჩესტერ სიტი“/“ატლეტიკოს“ გამარჯვებული - „ჩელსი“/“რეალის“ გამარჯვებული
„ბენფიკა“/“ლივერპულის“ გამარჯვებული - „ვილიარეალი“/“ბაიერნის“ გამარჯვებული
ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 5-6, ხოლო საპასუხო 12-13 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალებისთვის გამოყოფილია 26-27 აპრილისა და 3-4 მაისის თარიღები, ხოლო ფინალი 28 მაისს პარიზში ჩატარდება.