ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, კურშეველში გამართული მსოფლიო თასის სუპერ გიგანტის რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბროლის დიდ გლობუსს დაუფლებოდა.
სეზონის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე, ამერიკელი 236 ქულას უგებს კლასიფიკაციაში მეორეზე მყოფ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას, ვინც სუპერ გიგანტის შეჯიბრი მე-17 ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისგან მიუწვდომელია. შიფრინი მეოთედ გახდა მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებული.
შიფრინს რბოლაში სულ რაღაც, 0.05 წამით აჯობა ნორვეგიელმა რაგნჰილდ მოვინკელმა. კვარცხლბეკის მესამე საფეხური კი შვეიცარიელმა მიშელ ჟისენმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.13 წამით ჩამორჩა.
27 წლის შიფრინს, დიდი გლობუსი ზედიზედ სამჯერ - 2017-19 წლებში აქვს მოპოვებული. ოთხი ტრიუმფით ის სახელოვან თანამემამულეს, ლინდსი ვონს გაუთანაბრდა. ექვსი დიდი გლობუსი აქვს მოპოვებული ავსტრიელ ანემარი მოზერ-პრიუელს (1971-75 და 1979 წლებში). მამაკაცებს შორის რეკორდსმენი კი ავსტრიელი მარსელ ჰირშერია, ვინც დიდ გლობუსს ზედიზედ რვაჯერ (2012-19 წლებში) ფლობდა.