ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია.
ტურინის „იუვენტუსისთვის“ ჩემპიონთა ლიგა ისევ მერვედფინალში დასრულდა - ზედიზედ მესამე სეზონში. მარცხიც არის და მარცხიც. ასე არც მაურიციო სარი შერცხვენილა და არც ანდრეა პირლო.
მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა“ „ვილიარეალთან“ შინ 0:3 წააგო. ორრაუნდიან დაპირისპირებაში ტურინელებმა გოლი 33-ე წამზევე გაიტანეს, მაგრამ ჯერ პირველი თამაშის მთელი დრო და მერე მეორე მატჩიც უგოლოდ განვლეს. „იუვე“ 75 წუთის განმავლობაში კარგი იყო, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ხან მეკარე და ხან ძელი ესპანელებს მშველელად ევლინებოდნენ.
78-ე წუთზე კი „ვილიარეალმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. უნაი ემერის გუნდს მანამდე კარში არ ჰქონდა დარტყმული, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა ჟერარ მორენოს გაეტანა და ყველაფერი გადაეწყვიტა. დიახ, პირველმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, რადგან შემდეგ „იუვენტუსი“ აბსოლუტურად დემორალიზებული იყო და კიდევ ორჯერ გაუშვა, ჯერ პაუ ტორესისგან და მერე დანჯუმასგან ისევ პენალტით. სხვათა შორის, „ვილიარეალმა“ კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი გაიტანა.
„იუვენტუსს“ შეუძლია მხოლოდ ჩემპიონატზე და თასის გათამაშებაზე იფიქროს. ჩემპიონთა ლიგას "ბებერი ქალბატონის" ბოლო ოთხ სეზონში ისეთ გუნდებთან გამოეთიშა, როგორებიც „აიაქსი“, „ლიონი“, „პორტუ“ და „ვილიარეალია“, თანაც ყველა შემთხვევაში საპასუხო მატჩს შინ ატარებდა. ეს ტურინელთათვის ძალიან დამაფიქრებელი დამთხვევაა. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ოთხი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ნამდვილად არ იმყოფებიან.
მეოთხედფინალში გავიდა „ჩელსი“, რომელსაც შინ „ლილთან“ 2:0 ჰქონდა მოგებული და ცხადია, ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია. ტომას ტუხელის გუნდი აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, საფრანგეთშიც მოიგო - 2:1.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ვილიარეალი“, „ჩელსი“, „ატლეტიკო“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ბენფიკა“ და „ბაიერნი“ ითამაშებენ. ტურნირის 4 ქვეყნის 8 გუნდი შემორჩა - სამ-სამი ესპანურ-ინგლისური და თითო-თითო პორტუგალიური და გერმანული. აი, იტალიას და საფრანგეთს ჩემპიონთა ლიგაზე წარმომადგენელი უკვე აღარ ჰყავთ.
„იუვენტუსი“ – „ვილიარეალი“ 0:3 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:4
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, რუგანი (დიბალა 79), დე შილიო; ლოკატელი (ბერნარდესკი 83), არტური, რაბიო; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, მორატა (კინი 85)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ვილიარეალი“ (4-4-2): რული; ორიე, ალბიოლი, ტორესი, ესტუპინიანი; პინო (ჩუკვუეზე 65), პარეხო (პედრასა 86), კაპუ, ტრიგეროსი (კოკელნი 64); ლო ჩესლო (მორენო 74), დანჯუმა
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1 მორენო (78, პენ), 0:2 ტორესი (85), 0:3 დანჯუმა (90, პენ)
გაფრთხილება: დე ლიხტი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 8 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)
„ლილი“ – „ჩელსი“ 1:2 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:4
ლილი, „სტად პიერ მორო“
„ლილი“ (3-5-2): ჟარდიმი: ჟოზე ფონტე, ბოტმანი (ონანა 58), ჯალო; ჩელიკი (ვეა 58), ბამბა (გომესი 77), ქსეკა, ანდრე, გუდმუდსონი (ბრადარიჩი 77); ილმაზი, დავიდი (ბენ არფა 77)
მწვრთნელი: ჟოკელინ გურვენეკი
„ჩელსი“ (3-5-2): მენდი; კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი, ალონსო; ასპილიკუეტა, კანტე, ჟორჟინიო (ლოფტუს-ჩეკი 74), კოვაჩიჩი (მაუნთი 46), ალონსო; ჰავერტცი (ზიეში 83), პულიშიჩი (პულიშიჩი 74)
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 1:0 ილმაზი (38), 1:1 პულიშიჩი (45), 1:2 ასპილიკუეტა (71)
გაფრთხილება: გუდმუდსონი (43), ჟოზე ფონტე (90) - ჩალობა (34)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 4 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 6:1
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)