ფეხბურთი

16:40 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იარემჩუკი: "ახლა ჩემთვის რთული პერიოდია, მაგრამ ვცდილობ, უკრაინას ფეხბურთით დავეხმარო"

ლისაბონის „ბენფიკას“ თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც უკრაინელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მისთვის ახლა ძალიან მძიმე პერიოდია, მაგრამ სამშობლოს ისე ეხმარება, როგორც შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც უდავოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. გვაქვს რესურსი და ოცნება, ამიტომ მოედანზე ბოლომდე ვიბრძვით. ძალიან რთული თამაში იყო ჩვენთვის, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გავედით.

ეს ძალიან რთული პერიოდია ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ. აქ, მოედანზე, საკუთარ ფრონტზე უნდა ვიბრძოლო, ჩემი მეგობრები კი უკრაინისთვის იბრძვიან. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ახლა იარაღს ხელში ვერ ავიღებ, მაგრამ შემიძლია ფეხბურთით ვიბრძოლო ჩემი ქვეყნისთვის და საკუთარი თამაშით ვცდილობ ჩემი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარმოვადგინო. რა თქმა უნდა, გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, რაც უკრაინაში ხვდება, მაგრამ ახლა ასეთი სიტუაციაა“, - თქვა იარემჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკამ“ „აიაქსი“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. რომან იარემჩუკმა ნიდერლანდურ გუნდს პირველ შეხვედრაში გაუტანა და მაშინ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:2).

0.118856