ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ბუქარესტში რუმინეთთან 26:23 მოგებული მატჩის შემდეგ, მთელი რიგი სათამაშო კომპონენტებით უკმაყოფილო დარჩა:
„რუმინეთთან გასვლით შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდით და მიზანს მივაღწიეთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ იყო მარტივი თამაში. ამას ველოდით, რადგან რუმინეთისთვის გამარჯვება ბოლო შანსი იყო, რეპეშაჟის გვერდის ავლით მოხვედრილიყო მსოფლიო თასზე. ის საკმაოდ კარგი გუნდია და საკუთარი პროგრესი ზაფხულში, არგენტინასთანაც დაამტკიცა (17:24). მათი მოთამაშეები ფიზიკურად მძიმეები არიან და ზუსტად ვიცოდით რას დაგვიპირისპირებდნენ. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ კომპონენტებში გაგვიჭირდა“.
„კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში – რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია, რადგან მზადების პროცესში სწორედ ამაზე ვაკეთებდით აქცენტს. ველოდებოდით, რომ რუმინეთი სწორედ ძალისმიერ თამაშში ეცდებოდა უპირატესობის მოპოვებას და ვემზადებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, უპირატესობის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით შემდეგი თამაშისთვის ამ არეალში უკეთესები ვიყოთ“.
„გვქონდა ინდივიდუალური პრობლემებიც. ტექნიკური წუნის გამო რამდენჯერმე პირველი ბურთი ვერ ავიღეთ. როგორც წესი, ამ მოთამაშეებს მსგავს სიტუაციებში ასეთი შეცდომები არ მოსდით ხოლმე, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ბევრი ჯარიმა ავიღეთ, რაც გარკვეულწილად იმით იყო განპირობებული, რომ შეჯგუფებებში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა და 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით. გვქონდა 3 საწყენი ჯარიმა. ეს არ იყო ის ეპიზოდები, როდესაც მეტოქემ კაცნაკლულობისა თუ დომინაციის შედეგად წნეხში მოგვაქცია. უკვე ტრადიციად ვაქციეთ და როგორც რუმინეთთან, ასევე ესპანეთთან მატჩის წინ, ნიკა ამაშუკელი შეკრებაზე ჩვენთან ერთადაა და დიდ სამუშაოს ვატარებთ, მაგრამ ფაქტია, ემოცია ჯერ კიდევ ჭარბობს“.
„სამწუხაროდ, მსაჯი, რომელიც ამ თამაშზე იყო დანიშნული წინა დღით შეიცვალა – დანიშნეს 7-კაცას უელსელი მსაჯი, რომელსაც 15-კაცა რაგბში გამოცდილება არ ქონდა და ამან მატჩის მსვლელობას კვალი დაატყო. მიმაჩნია, რომ ყვითელი ბარათი ორივე შემთხვევაში ზედმეტი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა შევძლოთ მსგავსი სიტუაციების პრევენცია. 20 წუთით კაცნაკლულად თამაშმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით მეორე ყვითელმა, როდესაც მოედანზე 9 ნომრის გარეშე დავრჩით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მოვახერხეთ მობილიზება, მეტოქეს არ მივეცით მეტობის გამოყენების შესაძლებლობა და პირიქით, ორივე შემთხვევაში იქით შევძელით ლელოს გატანა“.
20 მარტს, „დინამო არენაზე“ ბორჯღალოსნები 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის არაოფიციალურ ფინალში ესპანეთს მასპინძლობს. მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც 18 საათზე დაიწყება, გუნდში გარკვეული ცვლილებები იქნება:
„გვქონდა აღდგენა, ძირითადი ვარჯიშები კი ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გვექნება. გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. თორნიკე ჯალაღონიას ტრავმები გაუმიზეზდა და დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთთან დაგვაკლდება. გამოჯანმრთელდა და დაგვიბრუნდა ოთარ გიორგაძე, ასევე ბექა გორგაძე. გვაქვს მცირე ტრავმები და იმედს ვიტოვებ, რომ ხვალიდან ყველა მწყობრში იქნება“.
„გაფართოებულ შემადგენლობაში აღარაა ნიკო აფციაური. ორ ფრონტზე გვიწევს მუშაობა, რადგან ‘შავი ლომი’ ქარი ქაფისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე, რომელიც სამ თამაშს მოიცავს, გუნდს ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება. სამხრეთ აფრიკაში შიდა ჩემპიონატისა და 20-წლამდელებით შევსებულ გუნდს ლადო კილასონია წაიყვანს, რის შემდეგაც ‘შავი ლომი’ შინ დაბრუნდება და რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალს ვითამაშებთ. დატვირთული და საინტერესო კალენდარი გვაქვს და ნიკოს პირველ ეტაპზევე მოუწევს ‘შავ ლომთან’ ერთად გამგზავრება. ნახევარფინალის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში უკვე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით“.
„2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კი, ესპანეთთან ფაქტობრივად ფინალი, განსაკუთრებული შეხვედრა გვექნება. მეტოქე მსოფლიო თასზე უკვე გავიდა და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს. ის თბილისში მოსაგებად ჩამოვა, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. კარგად გვესმის, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის, რადგან ესპანეთი დაბალანსებული გუნდია, როგორც ძალისმიერი, ასევე ტექნიკური კუთხით და სრული მონდომებით ვემზადებით“.
„საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც განვლილ შეხვედრებში გვქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიგოთ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამისათვის კი ესპანეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება“.
RUGBY.GE