საოცარი შედეგია არასრულ 35 წუთში 60(!) ქულა... ბოლო დღეებია NBA რეკორდშოუებით გვანებივრებს. ჯერ იყო და ლებრონ ჯეიმსმა როგორც ქულებში, ასევე მოხსნებში და პასებში 10 ათასიან ზღვარს გადააჭარბა, შემდეგ იყო კარლ ენტონი თაუნსის რეკორდული 60 ქულა და დღეს კი იგივე „ბრუკლინ ნეტსის“ მცველმა - კაირი ირვინგმა გააკეთა.
სტივ ნეშის გუნდი სტუმრად „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდა და 42-ქულიანი სხვაობით - 150:108 აჯობა. „ბრუკლინელებმა“ სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, როდესაც მეტოქეს ჯერ პირველ პერიოდში 48:30, ხოლო მეორეში 38:26 აჯობეს და შესვენებაზე 30-ქულიანი ფორით გავიდნენ.
მეორე ნახევრის დასაწყისში „ორლანდოს“ კალათბურთელებმა თითქოს ძალები მოიკრიბეს, თუმცა, ამან მხოლოდ 12 წუთი გასტანა, დასკვნით პერიოდში კი კვლავ სოლიდური სხვაობით წააგეს და ზედიზედ მეორე მარცი განიცადეს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რეკორდული ღამე ჰქონდა კაირი ირვინგს, 29 წლის ამერიკელმა 34:56 წუთში 60! ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან 31-დან 20 სროლა ზუსტად გამოიყენა, აქიდან 12-დან 8 სამქულიანი, 19-დან 12 ორქულიანი და 13-დან 12 საჯარიმო იყო. კაირიმ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, +- მაჩვენებელი კი +36-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი გამოდგა!
ირვინგმა პირველ ტაიმში 41 ქულა მოაგროვა, ეს პირველ ორ მეოთხედში ყველაზე მეტია მას შემდეგ, რაც კობი ბრაიანტმა ვაშინგტონთან 2003 წლის 28 მარტს - 42 ქულა ჩააგდო.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კაირი ირვინგმა მეექვსე 50-ქულიანი თამაში ჩაატარა. საერთო ჯამში კი მიმდინარე სეზონში მე-16 50-ქულიანი თამაშია - მათ შორის 2 ირვინგის ანგარიშზეა.
ამერიკელმა კალათბურთელმა დერონ უილიამსის რეკორდიც მოხსნა, რომელსაც „ბრუკლინ ნეტსის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შედეგი - 57 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
გასულ სამშაბათს კაირიმ „შარლოტ ჰორნეტსთან“ 132:121 მოგებულ შეხვედრაში 50 ქულა დააგროვა. მისი წინა კარიერის მაქსიმუმი კი 57 ქულა იყო, რომელიც „კლივლენდ კავალიერსის“ რიგებში 2015 წლის 3 მარტს „სან ანტონიოს“ ჩაუგდო.
ირვინგმა სეზონის მხოლოდ მე-19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რადგან მას არ აქვს უფლება ითამაშოს საშინაო თამაშები, რომელიც მოითხოვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირვინგი და დურანტი NBA-ს ისტორიაში პირველი თანაგუნდელები გახდნენ, რომლებმაც ზედიზედ თამაშებში 50-ქულიან ზღვარს გადააცილეს. კევინმა კვირას „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მოგებულ შეხვედრაში 53 ქულა მოაგროვა.
"მას შემდეგ, რაც კარლ ენტონი თაუნსმა წარმოუდგენელი სპექტაკლი დადგა, კაირიმ კი ამის გამეორება მეორე ღამესვე შეძლო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიგა ახლა საოცარ ადგილზეა. ჩვენ ვხედავთ უამრავ ნიჭიერ კალათბურთელს, რომლებიც ყოველ საღამოს ავლენენ ამად. დღეს კი ირვინგი ერთ-ერთი მათგანი იყო", - - თქვა კევინ დურანტმა.
რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, „ორლანდოდან“ ყველაზე შედეგიანი ენტონი კოული იყო, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 18 ქულა ჰქონდა ვენდელ კარტერს.
„ბრუკლინიდან“ კი მეორე შედეგი კევინ დურანტმა დააფიქსირა, მის ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.
„ნეტსს“ ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ 36 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს კი 17 მარტს, შინ, „დალას მავერიქსთან“ ჩაატარებს. „ორლანდო მეჯიქს“ კი 18-52 ბალანსით ბოლო ადგილზეა და 18 მარტს „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება.