„ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა ლუკა ლოჩოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა ავსტრიულ მედიას განუცხადა, რომ ლუკა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
„საბედნიეროდ, ტვინის შერყევა არ დადასტურდა, მაგრამ ცხვირის მოტეხილობა აქვს. ის ახლა სასიამოვნოდ ნამდვილად არ გამოიყურება, თუმცა, ეს გაივლის. ვფიქრობ, იდეალურ ვარიანტში სამი კვირა ვერ ითამაშებს, უარეს შემთხვევაში კი 4-5 კვირის განმავლობაში“, - თქვა დუტმა.
შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში „ვოლფსბერგერის“ მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა. მან ტრავმა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუსტრიასთან“ დაპირისპირებისას მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებს მარტში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.