საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
იმერული გუნდი მატჩის დასაწყისშივე ირაკლი რუხაძის გოლით დაწინაურდა, რასაც ბოლნისელებმა 54-ე წუთზე ლუკა ხორხელის გოლით უპასუხეს. ამ მომენტში უხეში შეცდომა დაუშვა წყალტუბოელთა მეკარე ლევან შოვნაძემ, რომელმაც ბურთი ცარიელი კარის წინ დაკარგა.
საბოლოოდ, 1:1, რის შედეგადაც „სიონმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. სხვათა შორის, ეროვნულ ლიგაში საწყისი სამი ტური ისე მიილია, რომ ფრე არ დაფიქსირდა, მეოთხე ტურში კი ორი მატჩი გაიმართა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"სიონს" ოთხ ტურში 1 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 მარტს, გორის "დილასთან" ჩაატარებს, ხოლო "სამგურალმა" სამ თამაშში 4 ქულა დააგროვა და წინ "თელავთან" მატჩი ელოდება.